Thumbnail

'2 სმ ქვემოთ და ვეღარასდროს გავივლიდი' - ნეიმარი კარიერის უმძიმეს წუთებზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაზილიელი ფორვარდი დოკუმენტურ ფილმში 2014 წლის მუნდიალს იხსენებს
  • ტურნირის 1/4-ფინალში კოლუმბიასთან ნეიმარმა ხერხემლის მძიმე ტრავმა მიიღო

ბრაზილიის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერნემის თავდამსხმელმა ნეიმარმა თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წუთები გაიხსენა - 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალური მატჩი კოლუმბიასთან, რომელშიც ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და ახლოს იყო კარიერის საერთოდ დასრულებასთან. 

იმ თამაშში ნეიმარს ზურგში მუხლი მეტოქე გუნდის მცველმა სუნიგამ ჩაარტყა, რითაც ბრაზილიელ ვარსკვლავს მის სამშობლოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გაგრძელების შანსი მოუსპო. ატირებული ნეიმარი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

29 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა მძიმე წუთები მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში (Neymar JR and the line of kings) გაიხსენა.

"მახსოვს, როგორ მეხმარებოდა მარსელო წამოდგომაში, მაგრამ ძალიან მტკიოდა. ფეხების გამოძრავებას ამაოდ ვცდილობდი. წამოდგომისთვის ძალა არ მქონდა. ვიმეორებდი: "არ შემიძლია, არ შემიძლია, ვერაფერს ვგრძნობ". შემდეგ ჰოსპიტალში გადამიყვანეს. 

საავადმყოფოში გამოკვლევა ჩამიტარეს. ექიმმა მითხრა: "შენთვის ორი ამბავი მაქვს - ერთი კარგი, მეორე ცუდი. რომელს აირჩევ?"

ვთხოვე, რომ ცუდით დაიწყო. ექიმმა მითხრა: "მსოფლიოს ამ ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებ". "მაშ, კარგი ამბავი რაღაა?", - ვკითხე, მან კი მიპასუხა: "დარტყმის წერტილი ორი სანტიმეტრით ქვემოთ რომ ყოფილიყო, ვეღარ გაივლიდი". 

კოლუმბიელმა მცველმა ნეიმარს წელის არეში მუხლი ჩაარტყა

ფეხბურთში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს ბრაზილიამ უმასპინძლა. მასპინძელთა ნაკრებმა გასვლა 1/2-ფინალში კი მოახერხა, მაგრამ იქ მომავალ ჩემპიონთან, გერმანიასთან ანგარიშით 1:7 დამარცხდა. ბრაზილიის ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩშიც წააგო - ნიდერლანდებთან 0:3.

კომენტარები

ბოლო ამბები