Thumbnail

'მიზანი საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაა' - კვერკველია მეტალისტში ტრანსფერზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია კარიერას ხარკოვის მეტასლისტში გააგრძელებს. ის 4 თვის განმავლობაში უკლუბოდ იყო, მაგრამ ამიერიდან უკრაინის პრემიერლიგის კლუბში ითამაშებს, რომელთანაც კონტრაქტი უკრაინული მედიის ცნობით, სეზონის ბოლომდე გააფორმა.

საბას მეტალისტში 6-ნომრიანი მაისურა გადასცეს და ქართველმა ფეხბურთელმა ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა. როგორც თავად აღნიშნა, უნდა, რომ საქართველოს ნაკრებში დაბრუნდეს და მეტალისტში ფეხბურთის სათამაშოდ ყველაფერია.

"უკრაინის შესახებ ბევრი რამ ვიცი, აქ მეგობრები მყავს. ჩემი ახლო მეგობარია ტარას მიხალიკი, ლოკომოტივში ერთად ვთამაშობდით და ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. ქალაქი ჯერ არ მინახავს, გუნდის შესახებ კი შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, შესანიშნავი ბიჭები არიან, აქ ყველაფერი მომწონს და ფეხბურთის სათამაშოდ ყველაფერია. უკრაინის ჩემპიონის შესახებ მარკო დევიჩისგან და დავით ხოჭოლავასგანაც ვიცი, საშუალება რამდენადაც მქონდა, უკრაინის ჩემპიონატს თვალს ყოველთვის ვადევნებდი. 18 წლის ასაკში შახტარის შეკრებაზე ვიყავი, მაგრამ კონტრაქტის გაფორმება არ გამოვიდა", - თქვა კვერკველიამ.

29 წლის ქართველი მცველის ფოტოსესია ხარკოვის ქუჩებში

29 წლის ქართველ მცველს ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებზე ჰკითხეს, რომლის რიგებში მიმდინარე წელს მხოლოდ ერთხელ ითამაშა: "რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი ეროვნულ გუნდში დასაბრუნებლადაც გადავდგი. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს თავისი ქვეყნისთვის თამაშზე, ამაში დარწმუნებული ვარ. მე უკვე 10 წელია ეროვნული ნაკრების წევრი ვარ, მაგრამ მიზანი მხოლოდ ეს არ არის, ასევე მინდა, რომ ფეხბურთი ისევ მაღალ დონეზე ვითამაშო", - ციტირებს ხარკოველთა ვებგვერდი საბას სიტყვებს.

შემდეგ კვერკველიამ ცენტრალურ მცველებზე ილაპარაკა: "დღეისთვის სერხიო რამოსს მივიჩნევ საუკეთესო მცველად. ვფიქრობ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ის ყველაზე ძლიერი მცველია. თითოეულ მცველს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მირჩევნია ხისტი მცველები, მეც ასე ვთამაშობ", - აღნიშნა კვერკველიამ.

კვერკველიას აქამდე რუსეთის გარდა სხვა ქვეყანაში არ უთამაშია

ქართველი ფეხბურთელის შესახებ პირველი კომენტარი მეტალისტის მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმაც ისაუბრა და ტრანსფერით კმაყოფილება გამოხატა:

"ეს არის კვალიფიციური და გამოცდილი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 40-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და რუსეთის ჩემპიონია. ვფიქრობ, ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი გაძლიერებაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა მატჩები გველოდება წინ. დაცვაში მცირე დეფიციტი გვაქვს და ამიტომ მას დავეყრდნობით", - თქვა კრივენცოვმა.

საბა ხარკოვის მეტალისტში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მეტალისტი უკრაინის პრემიერლიგაში 10 მატჩიდან 13 ქულით მე-8 პოზიციაზეა. 16 ოქტომბერს კვერკველიას გუნდი მარიუპოლს ესტუმრება. კვერკველია ივლისიდან უკლუბოდ იყო, მას მერე, რაც მას მოსკოვის ლოკომოტივთან კონტრაქტი დაუსრულდა. საბას რუსეთში ზენიტის სარეზერვო გუნდში, რუბინში, ნეფტეხიმიკში, ლოკომოტივსა და როტორში უთამაშია. რუსეთის პრემიერ-ლიგაში მან 200-ზე მეტი თამაში ჩაატარა. 2017/18 წლების სეზონში ის რუსეთის ჩემპიონი გახდა, რუსეთის თასს კი სამჯერ დაეუფლა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კვერკველიამ 42 მატჩი ჩაატარა. "ტრანსფერმარკტი" მას 2.5 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ორი წლის წინათ, ის ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე ძვირი იყო და €10 მილიონი ღირდა. ბოლოს მან ოფიციალურ მატჩში 16 მაისს ითამაშა როტორის რიგებში რუბინის წინააღმდეგ. 

📄 Перше інтерв'ю Соломона Кверквелії у Харкові 🇬🇪🇺🇦

Posted by FC Metalist 1925 on ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები