Thumbnail

აგუერო: ბარსელონაში მესის გამო გადმოვედი, მისი წასვლა ჩემთვის შოკი იყო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • არგენტინელი ფორვარდი გადაწყვეტილებას მაინც არ ნანობს
  • კუნს ბარსელონას მაისურით ჯერ ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია

არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "ელ პაისთან" ინტერვიუში აღიარა, რომ ბარსელონაში ლიონელ მესის გამო გადავიდა. როგორც კუნმა თქვა, მისთვის შოკისმომგვრელი იყო მესის პარი სენ-ჟერმენში გადაბარგება, მაგრამ მაინც არ ნანობს, რომ კატალონიელთა წინადადება მიიღო.

"ბარსელონაში გადასვლას არ ვნანობ. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ფეხბურთელთა უმეტესობას სურს ამ კლუბში, ამ მაისურით ითამაშოს, თუმცა აქ იმ იმედით გადმოვედი, რომ ლიონელ მესისთან ერთად ვითამაშებდი. მისი წასვლა შოკისმომგვრელი იყო. ძალიან ცუდი მომენტი გახლდათ. ვერ დავიჯერე, რაც მოხდა. შემდეგ ლეოსთან წავედი და ვეხმარებოდი მომხდარი დაევიწყებინა, ვეცადე მისი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, რადგან დავინახე რა მდგომარეობაში იყო".

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო ბარსელონას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მესი კი კლუბს კონტრაქტის განახლებაზე ვერ შეუთანხმდა და პარი სენ-ჟერმენში გადაბარგდა. აგუეროს ბარსელონას რიგებში ჯერჯერობით ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, რადგან სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

📺 აგუეროს გოლი კორნელიასთან

კომენტარები

ბოლო ამბები