Thumbnail

'ასეთი ტურნირები ხშირად უნდა ტარდებოდეს' - ინფანტინო მუნდიალზე

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ფიფას პრეზიდენტი მუნდიალის ახალი ფორმატით გამართვის მომხრეა
  • ჯანი ინფანტინო თვლის, რომ ამ იდეით შეჯიბრს პრესტიჟი არ დაეკარგება

მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გამართვის იდეას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. ამ თემას უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად განიხილავენ, თუმცა საერთო პოზიცია, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს აღნიშნული იდეა მოსწონს და მას სხვა დიდ ტურნირებს ადარებს, რომლებიც ხშირად იმართება (სუპერ ბოული, უილმბდონი და სხვა). მისი აზრით, თუ მსგავსი ფორმატით გამართული სხვა შეჯიბრებები არ კარგავენ აქტუალურობას და ინტერესს, გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შემთხვევაში.

"მსოფლიოს პირველობა 48 გუნდით ეს უკვე გადაწყვეტილია. ჩატარდება ტურნირი 4 თუ 2 წელიწადში ერთხელ, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მჯერა, რომ მსგავსი პრესტიჟული ტურნირები ხშირად უნდა ტარდებოდეს. ზუსტად იმიტომ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ჯადოსნური შეჯიბრია. ღონისძიების პრესტიჟი დამოკიდებულია მის ხარისხზე და არა სიხშირეზე. ჩვენ გვაქვს სუპერ ბოული, ჩემპიონთა ლიგა და უიმბლდონი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ამით ხომ ყველა აღფრთოვანებულია".

შეგახსენებთ, რომ ხმები, თითქოს, ფიფა მუნდიალის რეორგანიზებას აპირებს, მაისში გაჩნდა. სხვათა შორის, ამ წინადადებას ფიფას წევრი 166 ფედერაცია უჭერს მხარს, თუმცა, აშკარა უკმაყოფილება გამოხატა უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა. სამაგიეროდ, სიახლის თაობაზე აშკარად ირონიულად ისაუბრა ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები