Thumbnail

'ყველანაირად უნდა დავეხმაროთ' - ანდრონიკაშვილი ახალი სეზონისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა კალათბურთელმა მძიმე ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს
  • მისი კრეიტონ ბლუჯეისი ახალი სეზონის პირველ მატჩს 30 ოქტომბერს ჩაატარებს

ამერიკულმა ტელეკომპანიამ 6 NEWS სიუჟეტი მიუძღვნა საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელ რატი ანდრონიკაშვილს, რომელმაც მძიმე ტრავმა მოირჩინა და ახლა, NCAA-ს წევრ კრეიტონში ახალი სეზონისთვის ემზადება.

“ბლუჯეისის პირველკურსელი მის გამოშვებაში 64-ე ნომერი იყო და გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ახალწვეული უნდა გამხდარიყო, თუმცა, წინა სეზონის დასაწყისში მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა და ხანგრძლივი მკურნალობა მოუწია. რატიმ ოპერაცია 14 ნოემბერს გაიკეთა, ახლა კი, სრულ მზადყოფნაშია და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

რატიმ მძიმე პერიოდი უკან მოიტოვა

“ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ მას ხელი, რომ სრულფასოვანი დაბრუნება მალევე მოახერხოს. ეს საჭიროა, რათა სასურველ ბალანსს მიაღწიოს. ამ შემთხვევაში შესძლებს იმის გაკეთებას, რასაც მისგან ვითხოვთ”, - ამბობს კრეიტონის მთავარი მწვრთნელი გრეგ მაკდერმოტი.

“თამაში შემიძლია როგორც დაცვაში, ასევე – შეტევაში, სროლა, პასი. მინდა, გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო”, - დასძენს ქართველი მცველი, რომელიც რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზეც ლაპარაკობს და ცურვითა და ტანვარჯითაც იყო გატაცებული".

ბლუჯეისს 23 ოქტომბერს ფან-ფესტივალი აქვს დაგეგმილი და მასზე კალათბურთელებს ქომაგებთან უშუალო ურთიერთობის საშუალება ექნებათ, სეზონის პირველ მატჩს 30 ოქტომბერს აფერ აიოვასთან გამართავს, უშუალოდ ბიგ ისთის კონფერენციის თამაშებში კი მხოლოდ 4 დეკემბერს ჩაებმება. ამ დღეს აიოვა სტეიტთან შეხვედრაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ანდრონიკაშვილი ბიგ ისთის ერთ-ერთ ლიდერში გასული წლის მაისში ჩაირიცხა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მისი ამერიკაში ჩასვლა რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწელა, კრეიტონში ერთ-ერთ პირველივე ვარჯიშზე კი მძიმედ დაშავდა. რატის ფორმაში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელსაც უკანა ხაზში მუდმივი პრობლემები აქვს, ევრობასკეტის დაწყებამდე კი წელზე ნაკლები დრო რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები