Thumbnail
  • ლეიკერსმა ახალი გუნდი შეკრიბა და სეზონის მთავარი ინტრიგაა
  • კალიფორნიელები აქცენტს გამოცდილებაზე აკეთებენ
  • მთავარი ინტრიგა ის არის, როგორ მოერგება ვესტბრუკი ლებრონს
  • დევისმა ცენტრად თამაში და სამიანების კარგად სროლა უნდა შეძლოს

"მოხუცების ადგილი აქ არ არის" - ასე ჰქვია ძმები კოენების საკულტო, ოსკაროსან ფილმს. ფილმის მთავარი ამბავიც ის არის, რომ ტომი ლი ჯონსის პერსონაჟს, მოხუც დეტექტივს ვერაფრით გაუგია ახალი თაობის დამნაშავეები როგორ ფიქრობენ და მოქმედებენ.

ლოს ანჯელეს ლეიკერსიც ჯიუტად არ აღიარებს ლიგის მთავარ ტენდენციებს და ლებრონის ერთ-ერთი ბოლო სეზონისთვის საჩემპიონო გუნდს თავისი წესებით კრავს. მოხუცების ადგილი ლოს ანჯელესშია - ლეიკერსმა ვეტერანი გუნდი შეკრიბა, ყველაფრის მნახველი ხალხი საჩემპიონო ამბიციით.

თუ გგონიათ, რომ ლებრონი თავის უკანასკნელ ცეკვაში დრაფტზე ორიოდე დღის წინ არჩეული ახალგაზრდებით მიდის, ძალიან ცდებით. რასელ ვესტბრუკი, კარმელო ენტონი, რაჟონ რონდო და დუაიტ ჰოვარდი ის ხალხია, რომელთან ერთადაც ლებრონი კალიფორნიაში ჩემპიონობის დაბრუნებისთვის იბრძოლებს.

ლეიკერსი წლის მთავარი ინტრიგა და ექსპერიმენტია. შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკის ნაციონალურ ტელევიზიაზე ამ სეზონში ყველაზე ხშირად სწორედ კალიფორნიელებს აჩვენებენ. ინტერესი ძალიან დიდია, კითხვები კიდევ უფრო მეტი - რას ველოდოთ ლეიკერსის წლევანდელი სეზონისგან?

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

რა გააკეთეს მათ გასულ ზაფხულს?

ჩემპიონობის შემდეგ, ლეიკერსმა წინა სეზონი კარგად დაიწყო - 21-6-ზე სეზონის სტარტზე და ლიგის საუკეთესო დაცვა. ყველანი ლეიკერსი-ბრუკლინის სუპერფინალს ველოდით. თუმცა, ამის შემდეგ ენტონი დევისმა აქილევსის ტრავმა მიიღო, ერთი თვის შემდეგ ლებრონმა იტკინა მუხლი და აღმოჩნდა, რომ კალიფორნიელთა სუპერდუეტმა ტრავმების გამო, ერთად 63 თამაში გამოტოვა.

ფინიქსთან ლეიკერსი 2-1-ს იგებდა სერიას, როცა დევისი კიდევ ერთხელ დაიმტვრა. მოკლედ, დიდი იყო ცდუნება იმისა, რომ კალიფორნიაში ყველაფერი ტრავმებისა და უიღბლობისთვის დაებრალებინათ. თუმცა, რობ პელინკამ დასწრებაზე ქმედება გადაწყვიტა. ორგანიზაციამ გუნდის თამაშში ბევრი პრობლემა დაინახა და ამჯობინა, რომ ლებრონის და დევისის გარშემო ახალი გუნდი შეეკრათ. მხოლოდ ტრავმებით ვერ ახსნი იმ ფაქტს, რომ ლეიკერსის შეტევა 24-ე იყო ლიგაში, ბოლო ათეულში იყო სამქულიანების რაოდენობით და პროცენტით, ხოლო დამხმარე ვარსკვლავებად მოსული დენის შრიოდერი და მონტრეზ ჰარელი თავის თავს არ ჰგავდნენ, კუზმა კი საჩემპიონო როტაციის სტაბილურ წევრად ვერაფრით იქცა.

ცვლილებების დრო დადგა - ზემოთ ხსენებულ კუზმას, შრიოდერს, ჰარელს მარკიფ მორისი, კოლდუელ-პოუპი, მარკ გასოლი, უესლი მეტიუზი, ალექს კარუზო და სხვები მიჰყვნენ. ჯამში პელინკამ გუნდიდან 11 მოთამაშე გაუშვა და სანაცვლოდ 10 ახალი მოთამაშე დაიმატა.

ლეიკერსის ასაკზე ტყუილად არ ხუმრობენ. გუნდში 32 წლის ბეიზმორი, 33 წლის ელინგტონი, 35 წლის ჰოვარდი, 35 წლის რონდო, 36 წლის არიზა, 37 წლის ენტონი და რაც მთავარია, 33 წლის რასელ ვესტბრუკი მოვიდნენ. შედეგად, ლეიკერსს ყველაზე ხანდაზმული გუნდი ჰყავს. ზემოთ კითხვები და ინტრიგა ვახსენე, ეს მხოლოდ ასაკს არ უკავშირდება. კალიფორნიელთა ბანაკში მთავარი ამბავი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წინააღდეგობრივი ვარსკვლავის, რასელ ვესტბრუკის ტრეიდია.

რას ველოდოთ ვესტბრუკთან ერთად?

"ჩვენ ვეტერანი გუნდი ვართ, რომელიც ახალგაზრდებს ჭკუას კარგად ასწავლის", - მოკლე, სარკასტული და მრავლისმთქმელი იყო რასელ ვეტსბრუკის კომენტარი. ამ ტრეიდმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ვესტბრუკი ის კაცია, რომელსაც NBA-ში უკვე ბევრია წელია კლიშე აქვს მიწებებული, რომ მასთან ერთად ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლებელია. რასს ძალიან უყვარს ბურთი და მარტო თამაში. ის მთელი გუნდის თამაშს საკუთარ თავზე იღებს, სამქულიანი არ აქვს (თუმცა ჯიუტად ისვრის) და მისი სათამაშო ინტელექტი ბევრ კითხვას იწვევს, განსაკუთრებით პლეი ოფებსა და კრიტიკულ სიტუაციებში. ერთი შეხედვით, ეს ლებრონთან დუეტში თამაშისთვის ყველაზე ცუდი კომბინაციაა. როგორ გაინაწილებენ ისინი ბურთს? რას იზამს ვესტბრუკი, როცა ბურთი ლებრონს ექნება (რასს არ უყვარს და არ იცის უბურთოდ თამაში)? ხომ არ დაშლის ვესტბრუკი ლეიკერსის თამაშს და შიდა ქიმიას?

ბევრი და სამართლიანი კითხვაა. თუმცა, პელინკას ლოგიკაც მარტივად გასაგებია. ლებრონი 37 წლის ხდება, ის უფრო მეტად ტრავმატულია, წინა წელს მისი სროლების მესამედზე მეტი პერიმეტრიდან შესრულდა (მხოლოდ 31 პროცენტით), რაც მისი ყველაზე ძლიერი მხარე არ არის და ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჯეიმსი შესვლების დროს ენერგიის ხარჯვას თავს არიდებს. ბოლო სეზონების ლებრონი ინტელექტუალად კვლავ ლიგის საუკეთესო მოთამაშეა, თუმცა ფიზიკურად ასაკი ნელ-ნელა მის ათლეტიზმზე მაინც აისახება. ლოს ანჯელესში გადაწყვიტეს, რომ ლებრონს დამხმარე სჭირდება, ანუ ის კაცი, ვინც მასთან ერთად და მის მაგივრად თამაშს გაუძღვება. ბაზარზე არსებული ყველაზე ვარსკვლავური ვარიანტი სწორედ რასელ ვესტბრუკი იყო. მასთან ერთად ლებრონს შეუძლია რეგულარულ სეზონში კიდევ უფრო შეიმციროს სათამაშო წუთები (ბოლო 5 წელიწადში ლებრონის სათამაშო წუთები თამაშში 38-დამ 32-მდე ჩამოვიდა), შეუძლია დაისვენოს ცალკეულ თამაშებში და გადაინაწილოს დატვირთვა. ვესტბრუკთან ერთად ლეიკერსს აღარ ექნება ის პრობლემა, რაც წინა წლებში ჰქონდა - როცა ლებრონის არყოფნაში გუნდს თითქოს თამაში ავიწყდებოდა.

რეგულარული სეზონის კვალობაზე, ვესტბრუკი კარგი იარაღია - მას შეუძლია ცუდი გუნდი პლეი ოფის გუნდად აქციოს, შეუძლია ლებრონის არყოფნაში აუტსაიდერებს მარტომ მოუგოს. მოკლედ, რასი თამაშს მაშინ უნდა გაუძღვეს, როცა ლებრონი არ იქნება. საშუალოდ თამაშში მას 17 წუთი მოუწევს ამის გაკეთება. მასთან ერთად ლებრონი პლეი ოფს დასვენებული უნდა შეხვდეს, თანაც ისე, რომ ლეიკერსმა რეგულარულ სეზონში 55-60 თამაშმდე მაინც მოიგოს. სწორედ ამიტომ მუშაობს ფრენკ ვოგელი თავდასხმაში ვესტბრუკი-დევისის პიკ-ენ-როლზე, რომელიც გუნდის შეტევის ერთ-ერთი ძირითადი ოპცია უნდა იყოს. ანუ, ლებრონის გარეშეც გუნდს სტაბილური, დაყენებული შემტევი ოპცია უნდა ჰქონდეს.

ეს ყველაფერი გასაგებია. სწორედ ამიტომ ჯობდა ვესტბრუკი ბადი ჰილდს - გუნდის გაძლიერების კიდევ ერთ, პოტენციურ ვარიანტს. ჰილდი "სამიანებს" მაგრად ისვრის და სტილურად ლებრონი- დევისის დუეტს უკეთ ერგება. კონკრეტულ თამაშში ან სერიაში ვოგელს ალბათ ურჩევნია ჰილდი ჰყავდეს. თუმცა, ჰილდს მარტოს გუნდის თრევა ისე არ შეუძლია, როგორც ვესტბრუკს. ლეიკერსს კი ლებრონი-დევისის დუეტის შევსება-დამატებაზე მეტად, მესამე სრულფასოვანი ვარსკვლავი სჭირდება.

თუმცა, არის შეკითხვა: რა მოხდება პლეი ოფში, როგორ დალაგდება და ითამაშებს ვოგელის გუნდი მატჩის ბოლო წუთებში, მაშინ, როცა შედეგი კეთდება?! ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ლეიკერსმა შესაძლოა სეზონი ჩემპიონობით დაასრულოს, არც პირველ რაუნდში უსახელო გავარდნა იქნება გამორიცხული. ვოგელი ამბობს, რომ მთავარია, რამდენად იქნება გუნდი მზად ერთმანეთის გამო მსხვერპლშეწირვისთვის. ეს სამეული სტილურად არ ერგება ერთმანეთს.

თამაში რომ გამოუვიდეთ, რაღაცებზე უარი უნდა თქვან. ვესტბრუკმა უარი უნდა თქვას წუთებზე, ბურთზე და დათანხმდეს, რომ ამ გუნდში მხოლოდ მესამე ვარსკვლავია; დევისს სულ უფრო ხშირად მოუწევს პერიმეტრზე თამაში და ცენტრის როლის მორგება, რაც მას ნაკლებად უყვარს; მომენტებში ლებრონი უნდა შეეგუოს, რომ ვესტბრუკი თამაშს თავისებურად ხედავს და აღიქვამს. ამის გარეშე საჩემპიონო ქიმია არ გამოვა.

რასი კალიფორნიელია. ის ბიჭია, რომელიც კობის თაობაა და ლეიკერსის საჩემპიონო აღლუმებისთვის სკოლიდან იპარებოდა. ლეიკერსი მისთვის ჩემპიონობის ბოლო შანსია. მას ლებრონის მასშტაბის და კლასის თანაგუნდელი არასოდეს ჰყოლია. ის ან ამ ფაქტორების (ლეიკერსი, ლებრონი, ჩემპიონობის ბოლო შანსი) გამო იტყვის უარს თავის ჩვევებზე და დაეხმარება გუნდს იმ კომპონენტებში, რაც გუნდს აკლია, ან კალიფორნიელები დაუბალანსებელი გუნდით კატასტროფისთვის არიან განწირულები. კარგი ის არის, რომ ტრეიდამდე ლებრონმა და რასმა ბევრი ილაპარაკეს და ბევრ რამეზე შეთანხმდნენ - ასე ამბობენ თავად.

ზოგადად, პელინკამ კარგად იმუშავა - სუპერვარსკვლავის ნაცვლად არასტაბილური კუზმა, თითქმის ყველასგან ჩამოწერილი ჰარელი და კოლდუელ პოუპი (პლეი ოფში 30 წუთი და 6.2 ქულა) გაუშვა. დანარჩენი უკვე ვოგელის საქმეა.

ენტონი დევისის ფაქტორი

ვესტბრუკზე არანაკლებ ბევრი ენტონი დევისზეა დამოკიდებული. ტრიუმფალური საჩემპიონო სეზონის შემდეგ, მან წინა წელს მოუკლო და საქმე მხოლოდ ტრავმებში არ არის. საჩემპიონო წლის პლეი ოფში ის პერიმეტრიდან 38 პროცენტით ისროდა, წინა სეზონში კატასტროფული - 26 პროცენტით. ორი სეზონის წინ მისი სროლების მესამედი (34 პროცენტი) 0-1 მეტრამდე დისტანციიდან სრულდება - ეს ყველაზე მაღალპროცენტიანი სროლაა. წინა სეზონში ეს მაჩვენებელი 10 პროცენტით, 24 პროცენტამდე შემცირდა. სამაგიეროდ მოიმატა დაბალპროცენტიანმა საშუალო სროლებმა და შეტევების რაოდენობამ, რომელშიც დევისს ბურთი 6 წამზე მეტი ეჭირა ხელში. შედეგად, კარიერაში ყველაზე უარესი, 55-პროცენტიანი ზუსტი სროლების მაჩვენებელი და ყველაზე ცოტა მოხსნა (7.9) და დაფარება (1.6).

ანუ გამოდის, რომ დევისმა უფრო ხშირად დაიწყო ბურთის ხელში დიდხანს ჭერა და მცველებთან ჭიდაობის შემდეგ გრძელი ორქულიანების სროლა. ეს ძველი ყაიდის მძიმე ფორვარდის სტილია. თუკი ლეიკერსს წელს წარმატება უწერია, დევისმა ახალი თაობის ცენტრივით უნდა ითამაშოს - შეუტიოს ფარს ახლოდან, რაც შეიძლებაა ხშირად და ისროლოს პერიმეტრიდან, რაც შეიძლება კარგად.

დევისს ამ სეზონის დიდი ნაწილის თამაში ცენტრად მოუწევს. მის გარდა ვოგელს ორი ვეტერანი ჰყავს - დუაიტ ჰოვარდი და დენანდრე ჯორდანი. არცერთ მათგანს სროლა არ აქვს და მათი გამოყენება მხოლოდ დაცვაში შეიძლება, ისიც თამაშში 10-15 წუთით. ანუ, როგორ ითამაშებს დევისი ცენტრზე, სწორედ ეს გადაწყვეტს ლეიკერსის სეზონს. ვესტბრუკი პერიმეტრიდან ცუდი მსროლელია, ლებრონი - საშუალო. არცერთ გუნდს აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთდროულად სამი სუპერვარსკვლავი ჰყავდეს, რომელიც პერიმეტრიდან კარგად ვერ ისვრის. ლეიკერსს ისედაც ექნება ე.წ. სფეისინგის ანუ სივრცის შექმნის პრობლემა. მეტოქის დაცვა სამწამიანში გაჩერდება მთელი გუნდით, რათა ვესტბრუკის და ლებრონის შესვლებისგან თავი დაიცვას. ასეთ დროს დევისის ზუსტმა სამიანებმა სივრცე უნდა შექმნას. არ შეიძლება მეტოქეს იმის იმედი ჰქონდეს, რომ ერთდროულად სამი მოთამაშის არ ეშინია პერიმეტრზე.

სფეისინგი, სამიანები და დაცვა

ამ ფორმაციის ლეიკერსი სამქულიანების გუნდი არასოდეს ყოფილა. ეს წელსაც ასე იქნება. ვოგელის ხელში გუნდი აქცენტს ათლეტიზმზე, გაბარიტებსა და სამწამიანზე შეტევაში აკეთებს. თუმცა, სამიანებზე უარს გუნდი ბოლომდე ვერ იტყვის. როგორი კარგიც არ უნდა იყოს დევისი პერიმეტრიდან, ლეიკერსის დიდი სამეული პერიმეტრიდან ყველაზე სახიფათო მაინც ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, პელინკამ სხვა ახალწვეულები იმ იდეით მოიყვანა, რომ მათ სამიანების სროლა აუცილებლად უნდა შეეძლოთ. ლეიკერსმა ერთდროულად 5 მოთამაშე დაიმატა, რომლებიც პერიმეტრიდან წინა წელს სულ მცირე 38 პროცენტით მაინც ისროდნენ. მათ გარდა, სროლა არიზამაც იცის - 35 პროცენტი სამქულიანიდან.

წინა წელს ლეიკერსი 21-ე იყო ლიგაში სამქულიანების რაოდენობით. ახლა მათ ვესტბრუკიც დაემატათ და შესაბამისად, პერიმეტრიდან სროლა თავის თავზე სხვა, რიგითმა მოთამაშეებმა უნდა აიღონ. ბეიზმორი, მონკი, ნანი, ენტონი, ელინგტონი - ეს ხუთეული სამიანებს კარგად ისვრის. თუმცა, მათგან დაცვაში კარგად თამაშიც საჭიროა. ანუ ლეიკერსს დიდ სამეულთან ერთად, სულ მცირე ორი სტაბილური ე.წ. 3D (კარგი სამიანი + კარგი დაცვა) მოთამაშე სჭირდება. ნანი, მონკი და კარმელო ენტონი დაცვაში სუსტად გამოიყურებიან. ანუ როტაციაში მათ მხოლოდ ეპიზოდური ადგილი ექნებათ. ბევრი იქნება კენტ ბეიზმოურზე, უეინ ელინგტონსა და ტრევორ არიზაზე დამოკიდებული. მათგან გუნდი კარგ დაცვას და სამიანებს ელოდება.

ზოგადად, ლეიკერსის სამწამიანის დაცვა (დევისი, ჰოვარდი, ლებრონი) ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა პერიმეტრზე გუნდმა თითქოს ხარისხობრივად მოუკლო. არცერთი ახალწვეული ამ ეტაპზე კარუზოს, კოლდუელ პოუპის ან მეტიუზის კალიბრის მცველი არ არის. რამდენად შეძლებენ ვეტერანები დაცვაში თავისი საუკეთესო წლების გახსენებას, ეს კალიფორნიელთა დაცვით ეფექტურობაზე ყველაზე მეტად აისახება.

მთავარი საქმე კი ფრენკ ვოგელს აქვს: როცა გუნდში ამდენი ახალწვეულია მან სწორი როტაციები უნდა იპოვოს. მაგალითად, კენდრიკ ნანი - "გარდი" კარგი შეტევით და დაცვის გარეშე, სავარაუდოდ კარგად მოერგება დუაიტ ჰოვარდს, რომელსაც სროლა არ აქვს, თუმცა სამწამიანს კარგად იცავს. სამაგიეროდ, ვესტბრუკი-ჰოვარდის დუეტი რთულად წარმოსადგენია ერთად ვიხილოთ. ვოგელს ბევრ ასეთ დილემაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

ამ დალაგებას დრო დასჭირდება. შემთხვევითი არ არის, რომ წინასასეზონო თამაშებს ლეიკერსი აგებს. ზოგადად, ამ გუნდისგან კონფერენციის ლიდერობას და 60-ზე მეტი მოგებას არ უნდა ველოდეთ, რეგულარულში მთავარი სათამაშო ბალანსის პოვნა და ტრავმებისთვის თავის არიდება იქნება. ეს იქნება გუნდი, რომელიც ლიგის საკალთბურთო ტენდენციების წინააღმეგ მიდის - ათლეტური, დაცვითი, გაბარიტული, ცოტა სამიანით და ცოტა სივრცით შეტევაში.

დასკვნა

ლეიკერსმა ძალიან საინტერესო გუნდი შეკრიბა - გუნდი ბევრი კითხვით და დიდი ინტრიგით. თუ ეს გუნდი დალაგდა, წლის მთავარი სანახაობა სწორედ კალიფორნიული გრანდი იქნება.

ლებრონი აქცენტს გამოცდილებაზე, ერთგულებასა და მოთამაშეების კლასზე აკეთებს. მას გუნდში მეგობრები და მრავალ საკალათბურთო ომგადახდილი ხალხი ჰყავს. ახლა მათგან გუნდი უნდა გამოვიდეს. წლის მთავარი თავგადასავალი ასე იწყება - "მოხუცები" NBA-ს უტევენ.

კომენტარები

ბოლო ამბები