Thumbnail
  • ინდიან ველსში ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია
  • ქართველი ჩოგბურთელი ბერძენს 2-ჯერ შეხვედრია და მოგება არ აქვს

ინდიან ველსში მიმდინარე მასტერსზე (საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარი) ყველა 1/4-ფინალისტი გაირკვა და მეტოქის ვინაობა შეიტყო ნიკოლოზ ბასილაშვილმაც, რომელიც ამ რანგის ტურნირზე საუკეთესო 8 ჩოგბურთელს შორის პირველად მოხვდა.

29 წლის ბასილაშვილი ძალებს 23 წლის ბერძენ სტეფანოს ციციპასთან მოსინჯავს, რომელსაც პრესტიჟულ ტურნირზე მე-2 განთესვა გააჩნია, თავად ნიკოლოზი კი 29-ე რეიტინგით ასპარეზობს. ბასილაშვილი ციციპასს 2-ჯერ შეხვედრია და ორივეჯერ წააგო: 2019 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე – 3:6, 6:3, 6:7 (7:9), 4:6 და პეკინში – 6:4, 3:6, 2:6.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან ველსში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენქსი 6:4, 6:3 დაამარცხა, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 4:6, 7:6 (7:2), 6:2 სძლია, ხოლო მერვედფინალში რუს კარენ ხაჩანოვს აჯობა – 6:4, 7:6 (8:6).

თავის მხრივ, ციციპასმაც გზიდან 3 მეტოქე ჩამოიცილა და ორ შემთხვევაში 3 სეტის თამაში დასჭირდა. სტეფანოსმა ესპანელ პედრო მარტინესს 6:2, 6:4 მოუგო, იტალიელ ფაბიო ფონინის – 2:6, 6:3, 6:4, ხოლო ავსტრალიელ ალექს დე მინორს – 6:7 (3:7), 7:6 (7:3), 6:2.

ქართველი და ბერძენი ჩოგბურთელების დაპირისპირება 15 ოქტომბერს არის დაგეგმილი და სავარაუდოდ, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილს შორის გამარჯვებული ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდერ ზვერევსა და ამერიკელ ტეილორ ფრიცს შორის უმჯობესს შეხვდება.

სხვა 2 მეოთხედფინალი ასე დაკომპლექტდა: დიმიტროვი (ბულგარეთი)-ჰურკაჩი (პოლონეთი), ნორიე (დიდი ბრიტანეთი)-შვარცმანი (არგენტინა). ცნობისთვის, ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა ინდიან ველსში დიდი სენსაცია მოახდინა და პირველი განთესვის მქონე რუს დანიილ მედვედევს 4:6, 6:4, 6:3 სძლია, არადა, 4:6, 1:4 მარცხდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები