Thumbnail
  • იუტა ჯაზი 124:120 მილუოკი ბაქსი
  • ინდიანა პეისერსი 109:107 მემფის გრიზლისი 
  • ოკლაჰომა სითი თანდერი 108:99 დენვერ ნაგეთსი

NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე პრესეზონის მორიგი შეხვედრები ქართველი კალათბურთელების გუნდებმაც გამართეს. გოგა ბითაძის ინდიანამ შინ მემფისს აჯობა, სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი სტუმრად იუტასთან დამარცხდა, ხოლო დენვერმა, რომელმაც სულ ახლახან გიორგი ბეჟანიშვილს Exhibit 10 კონტრაქტი გაუფორმა, გასვლაზე ოკლაჰომასთან წააგო. 

ამ მატჩებში ორმა ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა. მოლოდინის მიუხედავად, ნაგეთსის რიგებში 22 წლის ბეჟანიშვილის დებიუტი არ შედგა.

ყველაზე მეტი სათამაშო დრო კი 22 წლის სანდრო მამუკელაშვილს ჰქონდა. სანდრომ იუტასთან მოედანზე 16:39 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილს სროლა არ წაუვიდა, 3 საქმულიანიდან ვერცერთი ჩააგდო, 5 ორქულიანიდან კი მხოლოდ ერთი - ჯორდან ნვორას პასის შემდეგ ჩატენა.   

იუტასა და მილუოკის შეხვედრა დაძაბულად, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, გადამწყვეტი კი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც მასპინძლების უპირატესობით დასრულდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მოქმედი ჩემპიონების ფორვარდი კრის მიდტლონი იყო, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. 21 ქულა იყო იანის ანტეტოკუნმპოს ანგარიშზე. გამარჯვებულებს ჯორდან კლარკსონმა ულიდერა - 18 ქულა, 8 მოხსნა. 

სანდრო მამუკელაშვილის გუნდი პრესეზონის ბოლო შეხვედრას 16 ოქტომბერს, შინ დალას მავერიქსთან გამართავს, NBA-ს რეგულარულ სეზონს კი 20 ოქტომბერს, ბრუკლინთან მატჩით გახსნის.

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა შინ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო მემფისს. 20 წლის ქართველმა ცენტრმა 8:34 წუთი ითამაშა, თამაშიდან სულ სამჯერ ისროლა (ორჯერ პერიმეტრიდან), თუმცა ყველა არაზუსტად. 

პეისერსში ორმაგი დუბლით დომანტას საბონის გამოირჩა, რომელიც თავის გუნდს 24 ქულითა და 13 მოხსნით დაეხმარა. მოედანზე ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი კი მემფისის მცველი სემ მერილი იყო, რომემელმაც თამაში 30 ქულით დაასრულა. 

ინდიანა პრესეზონის ბოლო მატჩს 16 ოქტომბერს, კლივლენდთან ჩაატარებს, ახალ სეზონს კი 21 ოქტომბერს, გასვლაზე შარტლოტ ჰორნეტსთან შეხვედრით დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები