Thumbnail

პირველად მასტერსის მეოთხედფინალში! ბასილაშვილმა რუსი ხაჩანოვი დაამარცხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 7:6 (8:6) კარენ ხაჩანოვი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან ველსში ზედიზედ მე-3 მატჩში იმარჯვა

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსში მიმდინარე მასტერსზე (საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარი) მე-3 მატჩი მოიგო და ამ რანგის ტურნირის მეოთხედფინალში კარიერაში პირველად გავიდა, რისი წყალობითაც 180 სარეიტინგო ქულა და 175 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

29-ე ნომრად განთესილი ბასილაშვილი ტურნირზე 24-ე რეიტინგის მქონე რუს კარენ ხაჩანოვთან ფავორიტად არ მოიაზრებოდა, თუმცა, მაღალ დონეზე ითამაშა და 6:4, 7:6 (8:6) მოიგო. მატჩი თითქმის ორ საათს გაგრძელდა, არადა, ნიკას გაცილებით წყნარად გამარჯვების შანსი ჰქონდა. ის მე-2 სეტში 5:4-ზე აწვდიდა, ტაი-ბრეიკზე კი 6:2 დაწინაურდა და მხოლოდ მე-5 მატჩ-პოინტზეღა იმარჯვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუს მეტოქეს აჯობა

ქართველმა ჩოგბურთელმა 4 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (რუსსაც იდენტური მაჩვენებლები მოუგროვდა), ვინერსებში მეტოქეს 26:12 აჯობა, უნებლიე შეცდომა გაცილებით მეტი (37:24) დაუშვა, ბადესთან კი 9-დან 8 გათამაშება დაასრულა სათავისოდ. ნიკოლოზმა პირველ მოწოდებაზე გათამაშებების 71% (41-დან 29) მოიგო, მეორეზე კი – 59% (33-დან 19). ბასილაშვილმა 6-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 2-ჯერ დათმო. ჯამში ნიკოლოზმა მეტოქეზე 11-ით მეტი ქულა (82:71) მოიგო. 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ინდიან ველსის საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კრისტოფერ ეუბენქსს (აშშ) 6:4, 6:3 სძლია, 1/16-ფინალში კი ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასთან გაცილებით დიდი ბრძოლა გადახდა და 2 საათსა და 25 წუთში 4:6, 7:6 (7:2), 6:2 მოიგო. თუ ვინ იქნება მეოთხედფინალში ნიკოლოზის მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც ბერძენი სტეფანოს ციციპასი (მე-2 განთესვა) ავსტრალიელ ალექს დე მინორს (22-ე) შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები