Thumbnail

ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში ბარბაროსებთან მატჩამდე და მორაგბეთა კომენტარები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პირველი ღია ვარჯიში ზაფხულის ტესტებამდე
  • ბორჯღალოსნები ბარბაროსებთან შესახვედრად ემზადებიან
  • თამაზ მჭედლიძის დაბრუნება ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფრანგ ბარბაროსებთან შეხვედრამდე ღია ვარჯიში გამართა. ბორჯღალოსნები მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან. ნაკრებში კარგი განწყობაა, ჰეიგის შეგირდებს მეტოქე კარგად ჰყავთ შეფასებული და რთული ბრძოლისთვის მზად არიან. ნაკრები ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა მზადების პროცესსა და მეტოქეზე ისაუბრა.

ლევან მაისაშვილი: დიდიხანია ვემზადებით, რამდენიმე მოთამაშეს ტრავმა აწუხებს. სასიხარულოა, რომ ივნისის ტესტების წინ ასეთი კარგი მოსამზადებელი მატჩი გველის. არ ვიცით ბარბაროსები რა სტილსა და ტაქტიკას შემოგვთავაზებენ - ჩვენ ვეცდებით, რომ შეტევასა და დაცვაში კარგად ვითამაშოთ.

ბექა გორგაძე ტრავმა მოიშუშა და ნაკრებს დაუბრუნდა.

ნაკრების კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემაც მატჩის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: საჭიროა, რომ ტრიბუნები გავავსოთ და ამ ტრიბუნების თვალწინ უნდა შევძლოთ მეტოქის დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება.

თამაზ მჭედლიძე ერთწლანი პაუზის შემდეგ ისევ ნაკრებშია.

თამაზ მჭედლიძე: მეტოქის შემადგენლობის უმეტესობას ვიცნობ. უმძიმესი მატჩი გველის, რომელშიც გულშემატკივრის მხარდაჭერა დაგვჭირდება. ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში დავბრუნდი. ვეცდები, რომ ბოლომდე დავიხარჯო და დავამტკიცო, რომ ნაკრებში თამაშს ვიმსახურებ.

საქართველოსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის მატჩი, 31 მაისს, დინამო არენაზე გაიმართება. შეხვედრა 20:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები