Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს კაპიტანი ნიკიტა კურბანოვი ევროლიგის გასულ ტურში თორნიკე შენგელიას დიდებულ თამაშს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი ზენიტთან მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა, რამაც რუსი ფორვარდიც აღაფრთოვანა.

“საქმე მხოლოდ რეკორდში არაა, დღევანდელ მატჩში შენგელიას ყველაფერი გამოსდიოდა, ამდენად, ცოდვა იქნებოდა, მისი ფაქტორი ბოლომდე არ გამოგვეყენებინა. ის ბურთს ძალიან კარგად აკონტროლებდა და ბევრი ქულა აიღო, ამასთან, პარტნიორებსაც კარგ მომენტებს უქმნიდა. როდესაც თამაშის მერე თოკო გასახდელში შემოვიდა, ყველამ ყვირილი დაიწყო, მას ულოცავდნენ. ველით, რომ მისი დამსახურებით, მალე კიდევ ერთი აღსანიშნი ამბავი გვექნება. გასულ ტურში ხომ ტურის MVP გახდა და ახლაც ასე უნდა მოხდეს”.

როგორც უკვე ვწერდით, გუშინ ცსკა-მ სანკტ-პეტერბურგის ზენიტს 77:67 სძლია, შენგელიამ კი ევროლიგაში მისთვის სარეკორდო 33 ქულა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრაც წაამატა, მეტოქეები კი მის წინააღმდეგ ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა და დიდი შანსია ქართველი მძიმე ფორვარდი ზედიზედ მეორედ ევროლიგის ტურის საუკეთესო კალათბურთელიც გახდეს (გასულ ტურში თურქულ ეფესს 23 ქულა ჩაუგდო და საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა).

ცსკა-ს ევროლიგის სამ ტურში 2 მოგება მოუგროვდა და მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი კვლავ შინ სერბულ ცრვენა ზვეზდას ეთამაშება. ეს მატჩი 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები