Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს ნაკრები სტუმრად 2:1 დაამარცხა და არა მარტო მიმდინარე ციკლში, არამედ ზოგადად, მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვების მომტანი გოლი 82-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა, რომელმაც თქვა, რომ სამი ქულის მოპოვება ძალიან საჭირო იყო, ხოლო გუნდის ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ აღნიშნა, რომ მოგება დაიმსახურეს, რადგან დაცვაში კარგად ითამაშეს.

ზურიკო დავითაშვილი: "გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე გავაგრძელებთ".

გურამ კაშია: "ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში ბოლო ადგილს თავი დააღწია, კოსოვოს 4 ქულით გაუტოლდა, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-4 საფეხურზე აღზევდა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო და შესარჩევ ეტაპზე ბოლო მატჩს 11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები