Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 4:6, 7:6 (7:2), 6:2 ალბერტ რამოს-ვინოლასი
  • ქართველმა ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვია

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსში მიმდინარე მასტერსზე (საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარი) მე-2 გამარჯვება იზეიმა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 29-ე ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კრისტოფერ ეუბენქსს (აშშ) 6:4, 6:3 სძლია, დღეს კი, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასთან გაცილებით დიდი ბრძოლა გადახდა და 2 საათსა და 25 წუთში 4:6, 7:6 (7:2), 6:2 მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსში მე-2 მატჩი მოიგო

პირველ სეტში მეტოქე უკეთესი იყო და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა, მეორე კი გაცილებით დრამატული გამოდგა. ნიკოლოზი 5:2 დაწინაურდა, რასაც ალბერტმა ზედიზედ აღებული 4 გეიმი მიაყოლა, თუმცა, საქართველოს პირველმა ჩოგანმა 5:6-ზე კიდევ ერთი ბრეიკი განახორციელა და ტაი-ბრეიკზეც დამაჯერებლად იმარჯვა. გადამწყვეტი სეტის სტარტზე ბასილაშვილმა ესპანელის მოწოდება კიდევ ერთხელ აიღო, მალევე რამოს-ვინოლასი კიდევ ერთხელ დააბრეიკა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.

ქართველმა ჩოგბურთელმა 8 ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ვინერსებში მეტოქეს 47:19 აჯობა, უნებლიე შეცდომა გაცილებით მეტი (54:36) ჰქონდა, ბადესთან კი 12-დან 9 გათამაშება დაასრულა სათავისოდ. ნიკოლოზმა პირველ მოწოდებაზე გათამაშებების 74% (53-დან 39) მოიგო, მეორეზე კი – 42% (45-დან 19). ბასილაშვილმა 6-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო. ჯამში ნიკოლოზმა მეტოქეზე 10-ით მეტი ქულა (106:96) მოიგო.

უკვე ცნობილია, რომ ინდიან ველსის მასტერსის მე-3 წრეში ბასილაშვილის მეტოქე 24-ე განთესვის მქონე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელმაც ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას (მე-12) მოულოდნელად იოლად – 6:0, 6:4 სძლია. ქართველ ჩოგბურთელს ხაჩანოვთან 5-ჯერ უთამაშია და მინიმალური უპირატესობა აქვს. ბოლოს ისინი 2019 წელს დუბაის ღია პირველობაზე შეხვდნენ და ნიკამ 6:4, 6:1 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები