Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები პრიშტინაში კოსოვოს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამით მსოფლიოს შესარჩევ მატჩებში ნაკრების 9 წლიანი და 23-მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულებულია. საქართველოს ნაკრები ტურნირზე უკანასკნელ შეხვედრას 11 ნოემბერს გამართავს, როცა შვედეთს უმასპინძლებს.

კოსოვოსთან მატჩისთვის ვილი სანიოლს დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია გამოაკლდნენ, სამაგიეროდ, დისკვალიფიკაცია დაუსრულდათ გრიგოლ ჩაბრაძესა და გურამ კაშიას. ეს უკანასკნელი კაპიტნის სამკლავურით გავიდა მოედანზე. გუნდს ტრავმისა და ავადმყოფობის გამო ,ბოლო სამ დღეში ბელგიაში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდნენ. 

სანიოლმა ცრუცენტრალური ფორვარდით გადაწყვიტა თამაში - სასტარტოში გიორგი ქვილითაიას თორნიკე ოქრიაშვილი ამჯობინა. სასტარტოში მოხვდა გიორგი წიტაიშვილი, რომელსაც საბერძნეთთან საერთოდ არ მისცემია თამაშის შანსი. სრულად შეიცვალა (იძულებით) საყრდენი ზონა. სამაგიეროდ, 6-მა ფეხბურთელმა სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა (წინა მატჩთან შედარებით). 

სტარტზე კოსოვოს ნაკრების ტერიტორიული უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა საქართველომ მე-11 წუთზე კონტრშეტევაზე გაიტანა, წიტაიშვილის პასი ოქრიაშვილის მისამართით ზუსტი არ იყო, მაგრამ მეკარე არიანეტ მურიჩმა გაუგონარი შეცდომა დაუშვა და დადარაჯებულმა ოქრიაშვილმა გაიტანა - 0:1.

39-ე წუთზე გურამ გიორბელიძემ აშკარა გოლისგან იხსნა ნაკრები, როცა რაშანის დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანა. 44-ე წუთზე კვარაცხელიამ რაშიცა მოცელა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ძალაში დარჩა, 45-ე წუთზე მურიქიმ პენალტით გაათანაბრა - 1:1.

პირველ ტაიმში კოსოვოელთა უპირატესობა აშკარა იყო, სტუმართა გოლი კი შემთხვევითობა. გაშვებული ბურთის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა (გიორბელიძე), სულ ეს იყო. მასპინძლებს კი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, რომელიც ტაიმის მიწურულს საპასუხო გოლში აისახა.

82-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა - შეცვლაზე შემოსულმა აზაროვმა მარცხნიდან ჩააწოდა და უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც ასევე არ იყო სასტარტოში, თავით გაიტანა - 1:2. 86-ე წუთზე ლობჟანიძის დარტყმული მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა და კოსოვო მესამე გოლისგან იხსნა. 

საინტერესო ფაქტები

📌 გურამ კაშიამ 90-ედ ითამაშა ნაკრებში, მე-14-ედ კაპიტნის სტატუსით.

📌 საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ მატჩებში 3-მატჩიანი მშრალი სერია ოქრიაშვილის გოლით დაასრულა.

📌 ოქრიაშვილისთვის მე-13 გოლია ეროვნულ ნაკრებში. თორნიკე მე-4 ადგილზე გადავიდა (დემეტრაძეს და კობიაშვილს გაასწრო).

📌 საქართველოს ნაკრებმა 5-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

📌 საქართველოს ნაკრებმა მუნდიალზე 23-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რომელიც 9 წელი და 1 თვე გაგრძელდა.

B ჯგუფი

კოსოვო 1:2 საქართველო 

გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45-პენალტი), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო (4-3-3): მურიჩი - ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლიი, ალიტი (86. სელმანი) - ჰალიმი (74. ლოშაი), დრეშევიჩი, ცელინა (86. მუსლია) - რაშანი (59. ლირიმ კასტრატი), მურიქი, რაშიცა (73. ბიტიქი).

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (89. აზაროვი) - გვილია, კვეკვესკირი - ლობჟანიძე (89. მამუჩაშვილი), წიტაიშვილი (72. ჩაბრაძე), კვარაცხელია (72. დავითაშვილი) - ოქრიაშვილი (72. ქვილითაია).

შვედეთი 2:0 საბერძნეთი

გოლები: 1:0 ფორსბერგი (58-პენალტი), 2:0 ისაკი (69)

 

კომენტარები

ბოლო ამბები