Thumbnail

'მინდა დავრწმუნდე' - გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში დარჩენაზე

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • საუთგეიტი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა
  • ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში სურთ, რომ 'სამი ლომი' ისევ მან გაწვრთნას

გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებთან ერთად კარგ შედეგებს აჩვენებს. ინგლისელი სპეციალისტი "სამი ლომის" მთავარ მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა და მას შემდეგ ეროვნული გუნდი ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ საუთგეიტის ნაკრებს ტიტული ჯერ კიდევ არ მოუპოვებია, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას სურს, რომ ის ნაკრების დამრიგებელი კიდევ რამდენიმე წლით იყოს.

შეგახსენებთ, რომ როდესაც გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში დაინიშნა, მას FA-მ 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. 2018 წლის მუნდიალზე მიღწეული წარმატების შემდეგ ინგლისელ სპეციალისტს ახალი, ასევე 4-წლიანი, გაუმჯობესებული ხელშეკრულება გაუფორმეს.

მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, 51 წლის საუთგეიტმა "სამი ლომი" 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მომავალი წლის დეკემბერში უნდა დატოვოს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, FA-ს სურს, რომ გარეთმა ნაკრები კიდევ გაწვრთნას. თავად სპეციალისტი ამბობს, რომ ახალ ხელშეკრულებაზე საუბარს ასოციაციასთან უახლოეს კვირებში გამართავს.

გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა

"წინა თვეში ვითხოვე, რომ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შემოდგომაზე დაგვეწყო, რადგან მსურდა ამ სანაკრებო თამაშებზე კონცენტრირებული ვყოფილიყავი და ასევე მქონოდა დრო სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ევროს შემდეგ დიდ ემოციას და გადაღლილობას ვგრძნობდით. მინდა დავრწმუნდე, რომ ვიღებ სწორ გადაწყვეტილებებს სწორი მიზეზების გამო. ღია დისკუსიები გვაქვს და მარკ ბელინგემი (FA-ს აღმასრულებელი დირექტორი) ნამდვილად მეხმარება, მაგრამ ვგრძნობ, რომ ქვეყნის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა არის პრიორიტეტი. შეგვიძლია ახალ კონტრაქტზე უახლოეს რამდენიმე კვირაში ვისაუბროთ", - განაცხადა გარეთ საუთგეიტმა.

ინგლისელ სპეციალისტს საკლუბო დონეზე მხოლოდ ერთი კლუბი - მიდსლბრო ჰყავს გაწვრთნილი. ის კლუბის მთავარი მწვრთნელი 2006-09 წლებში იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუთგეიტს სურს, რომ საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები