Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რიგით მე-7 შეხვედრას პრიშტინაში, კოსოვოს ნაკრებთან გამართავს. მატჩის წინ კოსოვოელთა მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

შვეიცარიელ სპეციალისტს სამსახურიდან გათავისფულება ემუქრება ბოლო პერიოდში არდამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ამიტომაც, ძირითადად ამ საკითხის გარშემო მოუწია საუბარი და აღნიშნა, რომ სამსახურის დაკარგვის არ ეშინია.

...შესაძლო გათავისუფლებაზე: "კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით და სამსახურიდან გათავისუფლების არასდროს მეშინია. თუ ფედერაცია ამას გადაწყვეტს და საჭიროდ მიიჩნევს, მაშინ კარგი, მაგრამ თუ თანამშრომლობის გაგრძელებას გადაწყვეტს, არც ამ შემთხვევაშია პრობლემა. კონტრაქტის გაფორმების პირველივე დღიდან აშკარა იყო, რომ ყოველი დღე ჩემთვის გადარჩენისთვის ბრძოლა იქნებოდა. ყოველდღიურად, თამაშიდან თამაშამდე გადავრჩი. როგორც მწვრთნელმა ყოველდღიურობით უნდა იცხოვრო, მაგრამ მე აქ უკვე სამ წელზე მეტია ვარ და რომ არ მომწონდეს ჩემი გუნდი ან კმაყოფილი არ ვიყო, ამდენ ხანს არ დავრჩებოდი. თქვენ ამბობთ, რომ არ მიყვარს კოსოვო და ჩემი გუნდი, თუმცა ასე რომ იყოს, აქ 3 წელი გავჩერდებოდი? დღეს, არა მწვრთნელის, არამედ კოსოვოს მომავალია მნიშვენლოვანი. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ კოსოვოს ნათელი და დიდი მომავალი აქვს".

...პრობლემების არარსებობაზე: "ჩვენ არ გვაქვს პრობლემები. საქართველოსთან სტუმრად მოვიგეთ, საბერძნეთთან და ესპანეთთან კარგად ვითამაშეთ, შესაბამისად, გუნდში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ ალბათ, საკმარისი არ არის. შვედეთთან ესპანეთმაც წააგო, მაგრამ ეს პრობლემა არაა. ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ვიღებ. თუ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ადრე გვქონდა ტრავმებთან და კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები და მაშინ ამან გუნდზე გავლენა იქონია, მაგრამ ახლა არ გვაქვს".

...მიზანი - ერთა ლიგისთვის მომზადება: "უნდა ვაღიარო, რომ შვედეთთან გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვიყავი. ბიჭებმა ნაკლებად მოინდომეს, მაგრამ თამაში გავაანალიზეთ და ფეხბურთელებს ვესაუბრე. ამიტომ, ველოდებით, რომ საქართველოსთან გაცილებით უკეთ ვითამაშებთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ ერთა ლიგის მომდევნო მატჩებისთვის, რომელიც მომავალ წელს გაიმართება".

...ლირიმ კასტრატის ტრავმაზე: "ის სათამაშოდ მზად არის და გუნდთან ერთადაა. მან კარგად ივარჯიშა და თამაშს შეძლებს".

ბერნარ შალანდი და ვედათ მურიქი პრესკონფერენციაზე

შალანდს პრესკონფერენციაზე გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რომის ლაციოს თავდამსხმელი ვედათ მურიქი ახლა, რომელმაც ხვალინდელ მატჩზე კომენტარი გააკეთა:

ვედათ მურიქი: "საქართველოსგან გამარჯვებას ვაპირებთ, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ თამაშის მოგება, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში სატურნირო ცხრილი ამ 3 ქულით არ შეიცვლება. ასევე ველოდებით, რომ შვედეთთან შედარებით უკეთ ვითამაშებთ და მჯერა, რომ მზად ვართ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და მუდმივად ერთად ვართ. ბოლომდე ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, პოზიტიურები ვიყოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.

საქართველოსთან სტუმრად მოგების მიუხედავად, მეტოქე უნდა დავაფასოთ, ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, მაგრამ ვიცით ჩვენი თვისებები, რისი გაკეთება შეგვიძლია, მეტოქე შევისწავლეთ და მჯერა, რომ ხვალ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ერთა ლიგაზე უფრო მეტ გოლს ვიტანდით, თუმცა ჩვენზე სუსტი მეტოქეები გვყავდა, მაგალითად, მალტა და სან მარინო, ახლა კი უფრო რთული მეტოქეების წინააღმდეგ ვთამაშობთ და გოლის გატანა ადვილი არ არის. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოსთან 1:0-ს მოვიგებთ თუ 2:0-ს, მთავარი 3 ქულის მოპოვებაა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 6 მატჩში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე ხვიჩა კვარაცხელიამ). ვილი სანიოლის გუნდი თუ კოსოვოსთან გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, ჯგუფში ბოლო ადგილს ოფიციალურად გაიფორმებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები