Thumbnail

'ზურაბი მოვპარეთ' - სერბების მადლობა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა, რომელმაც სერბეთის სახელით ახლახან მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი დაისაკუთრა, ოსლოდან ბელგრადში დაბრუნების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"ძალიან ბედნიერი ვარ სერბეთში ყოფნის გამო. დიდი გზა გამოვიარეთ, მაგრამ ბრწყინვალე შედეგებს მივაღწიეთ. მადლობა ყველას. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველა თანაზიარი ვართ ამ წარმატების. მადლობა ყველას, გაუმარჯოს სერბეთს!", - აქვეყნებს ზურაბის სიტყვებს სერბული მედია

აღსანიშნავია, რომ სერბი გულშემატკივრები დათუნაშვილს, რომელმაც მანამდე ამ ქვეყანას ოლიმპიადაზე ბრინჯაო, ევროპის პირველობაზე კი ოქრო მოუტანა, "Марш на Дрину"-ს სიმღერით (ცნობილი სერბული სამხედრო მარში) დახვდნენ.

ზურაბ დათუნაშვილმა ფინალში ეფექტური 5-ქულიანი გდება განახორციელა

კომენტარი სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟელკო ტრაიკოვიჩმაც გააკეთა, რომელმაც მიღწეული წარმატებისთვის მადლობა საქართველოს ფედერაციასაც გადაუხადა.
  
"ვულოცავ ზურაბს, მთლიანად გუნდს. სხვებიც კარგად გამოვიდნენ. განსაკუთრებულ მადლობას საქართველოს ფედერაციას ვუხდი, რომლებსაც სპორტული დიპლომატიით "მოვპარეთ" ზურაბი". 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა. ლერი აბულაძე (63 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.), რამაზ ზოიძემ (67 კგ.), ლაშა გობაძემ (87 კგ.) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები