Thumbnail

ქართული წყვილის ბრინჯაო და რუსი მოციგურავის დებიუტი საქართველოს სახელით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კარინა საფინა და ლუკა ბერულავა გრან პრის ბოლო ეტაპზე მე-3 ადგილზე გავიდნენ
  • 18 წლის ანასტასია გუბანოვამ ფინეთში კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა

ქართულმა სპორტულმა წყვილმა 17 წლის კარინა საფინასა და 18 წლის ლუკა ბერულავას შემადგენლობით ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ იუნიორთა გრან პრის ბოლო ეტაპზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

ქართველმა მოციგურავეებმა მოკლე პროგრამაში 63.04 ქულა მიიღეს და მე-3 შედეგი დააფიქსირეს. საფინა და ბერულავა მესამენი იყვნენ თავისუფალ პროგრამაშიც (116.23) და ჯამური 179.27 ქულითაც ბრინჯაოს დაეუფლნენ.

კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას გამოსვლა ლინცის ეტაპზე

ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენები მხოლოდ რუსულ სპორტულ წყვილებს ჩამორჩნენ. ხაბიბულინასა და კნიაზუკს 188.84 ქულა ჰქონდათ, ხოლო მუხორტოვამა და ევგენიევმა თავი 183.64 ქულას მოუყარეს.

ცნობისთვის, საფინა და ბერულავა ძალიან წარმატებულ სეზონს ატარებენ. მათ სლოვაკეთში გამართულ გრან-პრის ეტაპზე მე-2 ადგილი დაიკავეს, გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში გამართულ ჩელენჯერზე კი, რომელიც პარალელურად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირიც იყო, სამეულში მოხვდნენ და პეკინში გამგზავრების უფლება მოიპოვეს.

ანასტასია გუბანოვამ ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში მე-5 ადგილი დაიკავა

ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართული ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე სენიორთა შორის საქართველოს სახელით დებიუტი ჰქონდა 18 წლის ანასტასია გუბანოვას. ახალგაზრდა სპორტსმენი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის  სახელით გამოდიოდა და ეროვნულ ჩემპიონატში საუკეთესო  ათეულში არაერთხელ გასულა.

გუბანოვამ საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში დამაჯერებლად იასპარეზა და ჯამური 203.91 ქულით, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია, მე-5 ადგილი დაიკავა. 

ცნობისთვის, საპრიზო სამეულში ადგილები სრულად რუს სპორტსმენებს ერგოთ. პირველ ადგილზე იუნიორთა შორის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და გრან პრის გამარჯვებული, 15 წლის კამილა ვალიევა გავიდა, ვერცხლი დიდებში მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ელიზავეტა ტუკტამიშევას ერგო, ხოლო ბრინჯაო – გასული ევროპის პირველობის გამარჯვებულ ალიონა კოსტორნაიას.

კომენტარები

ბოლო ამბები