Thumbnail

ძალოსნობა | გადელია მსოფლიოს ჩემპიონია - ოქროს მედალი ახალი რეკორდებით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნათია გადელიამ ექვსივე ცდა გამოიყენა და უახლოეს კონკურენტს 3 კგ-ით აჯობა
  • საუდის არაბეთში გამართულ ტურნირზე მედალი სამივე ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა

17 წლის ქართველი ძალოსანი ნათია გადელია (81 კგ.) საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

გადელიამ მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას მითითებები ზუსტად შეასრულა, 6-ვე ცდა გამოიყენა (ამგვარი შედეგი მხოლოდ მას ჰქონდა) და უახლოეს კონკურენტს 3 კგ-ით გაასწრო.

ნათიამ ატაცში 91 კგ. დააფიქსირა (მცირე ვერცხლი), აკვრაში – 117 კგ. (მცირე ოქრო) და ჯამში თავი 208 კგ-ს მოუყარა. აღსანიშნავია, რომ გადელიამ ატაცსა და ორჭიდში საქართველოს რეკორდები 4-4 კილოგრამით გააუმჯობესა.

ნათია გადელია

ატაცი: 85 კგ. ✅, 88 კგ. ✅, 91 კგ. ✅

აკვრა: 108 კგ. ✅, 113 კგ. ✅ 117 კგ. ✅

ქართველმა ძალოსანმა უკან მოიტოვა უმთავრესი კონკურენტი – ირანელი ჯამალი გალე (205 კგ.), ბრინჯაოს მედალი კი რუსმა დარია მეშჩერიაკოვამ (201 კგ.) დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე მხოლოდ 3 ძალოსნით იყო წარდგენილი და კვარცხლბეკზე ასვლა სამივე მათგანმა მოახერხა. გასულ დღეებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნიკოლოზ ესართიამ (73 კგ.) და გურამ ვეკუამ (96 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები