Thumbnail

ოტო ვალინი უაილდერის წაგების მიზეზებს ხსნის - ექსპერტის შეფასება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ფიური-უაილდერის ბრძოლისთვის ბრიტანულმა "ატლეტიკმა" ექსპერტად შვედი მოკრივე ოტო ვალინი მიიწვია. ვალინს 24 ბრძოლაში 22 გამარჯვება აქვს მოპოვებული, კარიერის ერთადერთი მარცხი კი 2019 წელს, სწორედ ტაისონ ფიურის წინააღმდეგ განიცადა. ფიურიმ შვედს მხოლოდ ქულებით აჯობა. მის მოსაზრებებს კიდევ უფრო საინტერესოდ ის ფაქტი ხდის, რომ შესაძლოა შემდეგი ბრძოლა "ბოშათა მეფემ" სწორედ ვალინის წინააღმდეგ გამართოს.

"როცა უაილდერი რინგზე გავიდა, თავიდანვე აჩვენა, რომ გეგმა ჰქონდა. ის ფიურის სხეულს ურტყამდა, მის ტანს ამუშავებდა. ზუსტად ამას ვცდილობდი 2019 წელს ფიურისთან ბრძოლის დროს და მაშინ ამან იმუშავა. მგონია, რომ ამან ფიური ცოტა დააბნია, რადგან სხეულში მორტყმა უფრო იოლია, ვიდრე თავში. ფიური ძალიან მაღალია, კარგი დაცვა აქვს და მისთვის თავში მორტყმა რთულია, თუმცა მისი სხეულიც დიდია და უფრო სტატიკური. გამიხარდა, რომ უაილდერმაც იგივე გააკეთა, თუმცა გამიკვირდა კიდეც - უაილდერს ასეთი რამ ადრე არასოდეს უქნია.

უაილდერმა ფიური ორჯერ დააგდო

უაილდერს თავისი "ჯებით" უფრო მეტი უნდა ემუშავა და არ უნდა ეცადა, რომ თითოეული დარტყმით ფიური დაენოკაუტებინა. ეს იყო დიდი განსხვავება მეორე და მესამე ბრძოლას შორის. თუმცა, რაიმე სერიოზულ ცვლილებას ბევრი დრო სჭირდება. უაილდერმა ეს სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დარტყმა მიიღო, აქცენტი ისევ თავის დარტყმაზე გააკეთა -  ისევ "ფანჩერად" იქცა.

კრიტიკულ მომენტებში ხშირად ის ხდები, ვინც ხარ, ანუ, ნასწავლი გავიწყდება და იმას აკეთებ, რაც ბუნებრივ, რეფლექსურ დონეზე გაქვს. უაილდერსაც ეს მოუვიდა. ის აქცენტს დარტყმაზე აკეთებს, "ფანჩერია" და ამის გარდა, სხვა ძალიან გამორჩეული საკრივო უნარები არ აქვს. ის ფეხით კარგად ვერ მოძრაობდა.

გარდა ამისა, დარწმუნებული არ ვარ, რომ წონის მომატება მას დაეხმარა. ვიცი, რომ ფიური უზარმაზარია, მაგრამ უაილდერს შთამეჭდავი ძალა აქვს ნებისმიერ წონაში. ანუ, როცა ის წონას იმატებს, სისწრაფეს იკლებს. მას ძალასთან ერთად სისწრაფეც სჭირდება. კრივში ამბობენ, რომ ნოკაუტი იმ დარტყმისგან მოდის, რომელსაც ვერ ხედავ. ამისთვის გჭირდება სისწრაფე.

ფიურის გაბარიტები და წონა უაილდერისთვის ზედმეტად დიდი იყო. როცა ფიურიმ აგრესიას მოუმატა და უაილდერს დაცვაში მოუწია დგომა, მისი საქმე კარგად არ წავიდა. მან ძალის დაკარგვა დაიწყო. ფიურის მწვრთნელმა, შუგარჰილ სტიუარდმა გადაწყვიტა, რომ ისინი აგრესიულები უნდა ყოფილიყვნენ და ეს სწორი სვლა იყო. პირველ ბრძოლაში ამერიკელმა ფიური ორჯერ დააგდო და ძლივს გადარჩა. ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ აგრესიულები ყოფილიყვნენ, რათა უაილდერის დიდი დარტყმა აღარ მიეღოთ.

როცა უაილდერს დაცვაში დგომა უწევს, ის მაგარი არ არის - ამ დროს ენერგიას კარგავს. ამიტომ მგონია, რომ მთავარი გასაღები ფიურის სტრატეგიაში ეს იყო - იძულებული გაეხადა უაილდერი, თავი დაეცვა. პირიქით, როცა უალდერი შეტევაზე გადადიოდა, მისთვის ბრძოლა კარგად მიდიოდა. ამოსავალი ეს იყო - ვინ აიძულებდა მეტოქეს დაცვაში დგომას.

ფიურის ნოკაუტი

ვფიქრობ, რომ ფიური მთელი ბრძოლის მანძილზე აშკარად უკეთესი იყო. თუმცა, უაილდერი ბრძოლაში დარჩა, რადგან დიდი გული აქვს. ამან დატოვა ბრძოლაში, განსაკუთრებით მეხუთე რაუნდის შემდეგ, როცა ფიურიმ მისი ცემა დაიწყო.

მისი ფეხები ცუდად მოძრაობს. მას არ აქვს კარგი დაცვა და ძალიან იოლად მოსარტყმელია. მომეჩვენა, რომ მას არცთუ ისე ძლიერი ყბა აქვს. თითქოს "მინის ყბა" აქვს, თუმცა ბრძოლაში 11 რაუნდი დარჩენა მაინც შეძლო და ძლიერი დარტყმები აიტანა.

WBC-მ დაადგინა, რომ 30 ოქტომბერს ჩემსა და დილან უაითს შორის გამარჯვებული ქამრისთვის იბრძოლებს და ეს სავალდებულო ბრძოლა იქნება. ასე რომ, ან მე, ან უაითი ფიურის წინააღმდეგ ქამრისთვის ვიბრძოლებთ, თუკი ქამრების გამაერთიანებელი ბრძოლა არ შედგა. არ მგონია, რომ ეს მოხდეს, რადგან ენტონი ჯოშუა უსიკთან რევანშს აპირებს.

ძალიან გამიხარდება, ფიურისთან მატჩ-რევანშის ჩატარების საშუალება რომ მომეცეს. ჩემს პირველ ბრძოლაში მასთან 12 რაუნდის გატარება დიდი გამოცდილება იყო. მას შემდეგ ორი კარგი ბრძოლა გავმართე და ახლა უკეთესი მებრძოლი ვარ".

 

კომენტარები

ბოლო ამბები