Thumbnail

უეფას ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა (2:1) და მორიგი ტიტული მოიპოვა. დიდიე დეშამის გუნდი თავიდან აგებდა, მაგრამ ქარიმ ბენზემასა და კილიან მბაპეს გოლებით სიტუაცია შეატრიალა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა გააკეთეს.

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი): "ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების გამო. ერთა ლიგის ორივე მატჩში ანგარიშში ჩამოვრჩით და ამჯერად, ძალიან სწრაფად მოვახერხეთ გათანაბრება. ნიჭის გარდა, ჩემს გუნდს აქვს ხასიათი და მენტალიტეტი. მეორე ტაიმში უფრო აგრესიულები ვიყავით და მეტოქეს შეცდომები დავაშვებინეთ. ყველაფერი გავაკეთეთ აქ მოსახვედრად და როცა ფინალში ხარ, მხოლოდ გამარჯვება გინდა. ბენზემა ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფეხბურთელია და მან ეს ამ ორ თამაშშიც დაამტკიცა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი სანაკრებო ტიტული მოიგო და ამაში თავად დიდი წვლილი შეიტანა".

ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "იმის მიუხედავად ვინ არის ჩვენი მეტოქე ან რა სიტუაციაში ვართ, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი გზით ვითამაშოთ - გაბედულად, შეტევაში ამბიციით. წაგება გულდასაწყვეტია, რადგან ტურნირი ძალიან კარგად ჩავატარეთ. მინდოდა, რომ გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ, გამარჯვება ეზეიმათ. ჩვენ არა მარტო ევროპის ჩემპიონი დავამარცხეთ, არამედ მსოფლიოს ჩემპიონთანაც თანაბრად ვითამაშეთ. შეგვეძლო მოპოვებული უპირატესობა უფრო დიდხანს შეგვენარჩუნებინა, გოლის აღნიშვნა ახალი დასრულებული გვქონდა, როდესაც მათ ფანტასტიკური გოლი გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს".

სერხიო ბუსკეტსი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

სერხიო ბუსკეტსი: "ძალიან იმედგაცრუებული ვართ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არ წაგვეგო, მაგრამ ორი ეპიზოდი საკმარისი გამოდგა. მეორე გოლი თამაშგარე იყო, თუმცა, სხვა არაფერი დაგვრჩენია, რომ გამარჯვებულს მივულოცოთ და ამ გზით სიარული გავაგრძელოთ. წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით მომავალში ტიტულის მოსაგებად და ეს არის ჩვენი მიზანი. ვიმეორებ, მბაპე თამაშგარეში იყო, მსაჯმა კი თქვა, რომ ერიკ გარსია ბურთს შეეხო. ნებისმიერი მცველი ერიკივით იმოქმედებდა, მაგრამ მას ბურთზე თამაში არ სურდა. ახლა პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ, რადგან ძალიან მალე ჩვენთვის საკვანძო მატჩები გაიმართება და გვინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ".

ქარიმ ბენზემა: "ეს იყო საოცნებო საღამო პირადი და გუნდური თვალსაზრისით. ძალიან მინდოდა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ტიტული მომეგო, ეს ადვილი არ გახლდათ, მაგრამ გუნდმა მტკიცე ხასიათი აჩვენა. არასდროს ვნებდებით, დიდი გუნდებს სწორედ ის გამოარჩევს, რომ პანიკაში არ უნდა ჩავარდე და მოთმინება გამოიჩინო. ორი გოლის გატანა მოვახერხეთ და მოვიგეთ, ახლა კი მაქსიმალურად მოვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და მის მოსაგებად".

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ისტორიაში საფრანგეთი მეორე ჩემპიონია, პირველი გათამაშება კი 2019 წელს პორტუგალიამ მოიგო. მეორეს მხრივ, საფრანგეთი პირველი ნაკრებია ისტორიაში, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა აქვს მოგებული. ერთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპე გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად სერხიო ბუსკეტსი დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები