Thumbnail

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი რამაზ ზოიძე (67 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ქართველმა ფალავანმა მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ჰასრატ ჯაფაროვი ძალიან ადვილად, წუთნახევარში აშკარა უპირატესობით 8:0 დაამარცხა. შედეგად, რამაზმა დიდებში პირველი მედალი მოიპოვა, საქართველოს ნაკრებს კი ტურნირზე მე-4 მედალი მოუტანა.


მსოფლიოს ჩემპიონატზე ზოიძემ ასპარეზობა იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევთან იოლი გამარჯვებით დაიწყო (11:2), რასაც 1/4-ფინალში სერბ სებასტიან ნადთან მოგება მოჰყვა (8:1). ნახევარფინალში რამაზი ბოლო წამებზე დამარცხდა ირანელ მოჰამადრეზა აბდოლჰამიდ გერაეისთან (6:7) და ფინალში ვერ გავიდა.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე 1 ვერცხლის (ლერი აბულაძე) და 3 ბრინჯაოს მედალი (რამაზ ზოიძე, იაკობ ქაჯაია, ნუგზარ წურწუმია) აქვს მოპოვებული. არსებობს კიდევ ერთი ბრინჯაოს შანსი, რომლისთვის ხალიჩაზე ლაშა გობაძე (87 კგ.) გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები