Thumbnail

შეხვედრა 5 წლის შემდეგ - საბა ინანეიშვილის ემოციური ისტორია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

იტალიურ ოლბიაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საბა ინანეიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც +100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალში უნგრელი რიჩარდ სიპოჩი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.


ინანეიშვილისთვის ეს დღე ორმაგად ემოციური იყო: საბას დედა ემიგრანტია, იტალიაში 5 წლის წინ წავიდა და ოჯახს ფინანსურად ეხმარება. გვანცა ჭანტურიძემ შვილი 5-წლიანი პაუზის შემდეგ ნახა და მას დარბაზიდან უგულშემატკივრა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდმა ამ ამბავს სტატია მიუძღვნა და გვანცა ჭანტურიძისა და საბა ინანეიშვილის კომენტარები გამოაქვეყნა.

გვანცა ჭანტურიძე: "ჩემი შვილის კარიერას დიდი ყურადღებით ვაკვირდები. ყოველთვის, როდესაც ტურნირს იგებს, მირეკავს და მეუბნება, რომ ეს გამარჯვება მე მეძღვნება. დისტანციის გამო, სიყვარული ყოველთვის მტკივნეული და რთულია, მაგრამ ცხოვრება მძიმეა და როცა რესურსი არ გაქვს, დედამ თავი უნდა გაწიროს, რადგანაც შვილზე უკეთესი არაფერია."

საბა ინანეიშვილი: "ტელეფონით საუბარსა და საკუთარი თვალებით ნახვას შორის დიდი სხვაობაა. მე ეს ოქროს მედალი მისთვის მოვიგე."

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველომ 4 ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (-81 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) გახდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები