Thumbnail

ეროვნულმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრებთან, რომელიც, პირდაპირ ვთქვათ, ნამდვილად არ არის ძლიერი, ერთი რეალური საგოლე მომენტიც კი ვერ შექმნა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ წინა ხაზზე კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე და მიქაუტაძე თამაშობდნენ. 90-ე და 95-ე წუთებზე ბერძნებმა ორი ბურთი გაიტანეს და თამაში მოიგეს. ვილი სანიოლის გუნდის უიმედო წარუმატებლობათა სერია გრძელდება.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გაშვებული ბუურთებით 0:2 დათმო. 6 ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს 1 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და მორიგ მატჩს 12 ოქტომბერს, სტუმრად, კოსოვოსთან გამართავს. 

ორივე გუნდის ფეხბურთელები შავი სამკლავურებით გავიდნენ მოედანზე - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა. საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაყურებელი ტრიბუნებზე არ დაუშვეს...

ვილი სანიოლს ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი დააკლდა, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე ტოვებდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველად ნაკრების ისტორიაში, სასტარტო შემადგენლობაში ერთად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის ტრიომ. 

ჯაბა კანკავამ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა

10 წუთის გასვლის შემდეგ სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა, ბაკასეტასის დარტყმული ლორიამ დამაჯერებლად ვერ მოიგერია და გოლი გავიდა, რომელიც VAR-ზე შემოწმების შემდეგ გაუქმდა და კუთხური დაინიშნა. საქართველოს ნაკრებმა კარში პირველად 25-ე წუთზე დაარტყა, კაკაბაძის სახიფათო დარტყმული მეკარემ მოიგერია. საერთო ჯამში, პირველი ტაიმი საბერძნეთის ნაკრების უპირატესობით წარიმართა, გიორგი ლორიას გუნდის გადასარჩენად 4 "სეივი" დასჭირდა.  

ჯაბა კანკავამ, რომელიც ნაკრებში მე-100 მატჩს ატარებდა, ყვითელი ბარათი მიიღო და კოსოვოსთან მატჩს გამოტოვებს, ისევე, როგორც გიორგი აბურჯანია. 85-ე წუთზე კვარაცხელია მაისურზე მოქაჩვით შეაჩერეს და ოქრიაშვილმა სახიფათოდ შეასრულა, ჯარიმა, რომელიც მეკარემ მოიგერია.

88-ე წუთზე VAR-ის წყალობით, საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა (გიორბელიძემ ხელით ითამაშა საჰაერო დუელისას). ბაკასეტასმა ლორიას გაუტანა - 0:1. მე-5 კომპენსირებულ წუთზე ოთარ კაკაბაძის უხეში შეცდომა შეცვლაზე შესულმა პელკასმა ისარგებლა - 0:2.

საინტერესო ფაქტები

📌 ჯაბა კანკავამ ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩი ითამაშა და გახდა მე-2 ქართველი ფეხბურთელი, ვისაც გუნდში 100 კეპი დაუგროვდა ლევან კობიაშვილის შემდეგ.

📌 გიორგი ლორიამ ნაკრებში 69-ე მატჩი ითამაშა და გიორგი ნემსაძეს დაეწია - მე-6 ადგილი.

📌 ზედიზედ მესამე ოფიციალური მატჩია, რაც საქართველოს ნაკრებს გოლი ვერ გააქვს.

📌 23 მატჩია, რაც საქართველოს ნაკრები მუნდიალის ეგიდით ვერ იგებს - 9 წელი და 1 თვე.

📌 მსოფლიოს ჩემპიონატის ეგიდით, საქართველოს ნაკრებმა ბოლო 38 მატჩში მხოლოდ 1 მოიგო (2012 წლის სექტემბერში ბელარუსთან).

📌 საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მე-4 მატჩი დათმო.

საქართველო 0:2 საბერძნეთი

გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90-პენალტი), 0:2 პელკასი (95)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე - კანკავა, აბურჯანია (92. დავითაშვილი) - ლობჟანიძე (92. ქვილითაია), ჩაკვეტაძე (60. გვილია), კვარაცხელია - მიქაუტაძე (60. ოქრიაშვილი).

საბერძნეთი (3-4-3): ვლახოდიმოსი - ჰაციდიაკოსი, მავროპანოსი, ცაველასი - ანდრუცოსი, სიოპისი (85. მანტალოსი), ბუხალაკისი, ციმიკასი - მასურასი (78. ცოლისი), ბაკასეტასი, პავლიდისი (46. პელკასი).

შვედეთი 3:0 კოსოვო

გოლები: 1:0 ფორსბერგი (29-პენალტი), 2:0 ისაკი (62), 3:0 ქვაისონი (79)

კომენტარები

ბოლო ამბები