Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩი ჩაატარა, ბათუმში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა...

ჯონ ვან ტ'სხიპი (საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი)

...მატჩის შეფასება: „პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ეს ყველაფერი ჩვენი სასტუმროს გვერდით მოხდა და დიდი ტრაგედიაა. რაც შეეხება მატჩს: ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის შენარჩუნება იყო. მხოლოდ ბოლოს შევძელით გოლების გატანა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბოლომდე უნდა ითამაშო და დაიხარჯო. მომდევნო მატჩებშიც ვეცდებით სასურველ შედეგს მივაღწიოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ.“

...საქართველოს ნაკრებზე: „მირჩევნია, ჩემს გუნდზე ვისაუბრო, ზოგადად კი ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები და გუნდი ჰყავს, რაც სალონიკიშიც ვნახეთ და სხვა მატჩებშიც. მიმაჩნია, რომ საქართველო და საბერძნეთი დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებია და ამჯერადაც, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, გამარჯვება მაინც გაგვიჭირდა. საქართველოს ნაკრებიდან ხვიჩა კვარაცხელიას გამოვარჩევ.“

'მიმაჩნია, რომ საქართველო და საბერძნეთი დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებია'

…VAR-ის შესახებ: „ვიდეორეფერი ბოლოს დაგვეხმარა, მაგრამ მანამდე ჩვენს საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილებები. ის, რომ ბოლოს პენალტი მოვიპოვეთ, ბოლომდე თამაშის დამსახურებაა. ვფლობდით უპირატესობას, ვცდილობდით მომენტების შექმნას და როცა ამას აკეთებ, შედეგსაც ადრე თუ გვიან, მიიღებ“.

...საბერძნეთის ნაკრებზე: „ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვება მივულოცე, მათ კარგად ითამაშეს. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ გოლი უფრო ადრე გაგვეტანა, მაგრამ მთავარია, მიზანს მივაღწიეთ. ახლა მომდევნო მატჩებისთვის სრული კონცენტრაცია იქნება საჭირო, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში 6 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც ერთადერთი ქულა მოიპოვა და ბოლო, მე-5 ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდს მორიგი მატჩი 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები