Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩი ჩაატარა, ბათუმში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა  ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...მატჩის შესახებ: „საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვარ. ძალიან გვაკლდა აგრესია, მონდომება, თავდადება. ყოველთვის ვამბობ, რომ ნიჭი და ტექნიკა ფეხბურთში საკმარისი არ არის. აუცილებელია მთელი მატჩის განმავლობაში მონდომებით, თავდადებით თამაში, ფეხბურთელები 90 წუთი უნდა იხარჯებოდნენ. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ მომენტებში კარგად თამაში საკმარისი არ არის. იმედი მაქვს, ამას ისწავლიან. პირველი ტაიმის ბოლო და მეორე ტაიმის დასაწყისი უკეთესი იყო.

...ოქრიაშვილზე და სხვებზეც: "თორნიკე ოქრიაშვილი ძალიან კარგად ჩაერთო, მონდომებით თამაშობდა. ყველას ასე უნდა ეთამაშა! ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი არ ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, საბერძნეთს ეთამაშები, ესპანეთს, კოსოვოს თუ ანდორას - საჭიროა ბოლომდე დახარჯვა და მონდომება!“

'მესის აქვს იმის უფლება, რომ ცოტა ნაკლები ირბინოს, რადგან ამას სხვა უნარებით აანაზღაურებს, ჩვენ კი ასეთი ფეხბურთელები არ გვყავს და ბოლომდე დახარჯვის გარეშე არაფერი გამოვა'

...მარტის და ბოლო მატჩების შედარებაზე: „თუ შევხედავთ, როგორ ვითამაშეთ მარტსა და ივნისში, ამასთან შედარებით, დღეს სულ სხვა თამაში იყო. რაკი მაშინ ეს მოვახერხეთ, ესე იგი, შეგვიძლია, მაგრამ თუ დღეს და სექტემბერში ეს ვერ გავაკეთეთ, რაღაც გვაკლდა. ჩემი აზრით, მონდომება გვაკლია. ჩვენს თამაშში კარგი ასპექტებიც დავინახე და გარკვეულწილად არ გაგვიმართლა, ბოლო წუთზე დანიშნული პენალტით წავაგეთ. თუმცა, ფეხბურთი ასეთია, მცირე შეცდომები მატჩის ბედს წყვეტს. ამის გამო წავაგეთ შვედეთთან და ესპანეთთანაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მორალურადაც მოქმედებს. წინ კოსოვოსთან მატჩი გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც ბევრი შრომა სჭირდებათ. მაგალითად, ლიონელ მესის კლასის ფეხბურთელს აქვს იმის უფლება, რომ ცოტა ნაკლები ირბინოს, რადგან ამას სხვა უნარებით აანაზღაურებს, ჩვენ ასეთი ფეხბურთელები არ გვყავს და ამიტომ, მუდმივად ვუმეორებ, რომ მთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯონ. სხვანაირად არაფერი გამოვა“.

...დადებით ასპექტებზე: „ოქრიაშვილის კარგად ჩართვა თამაშში, საბა ლობჟანიძე ძალიან მონდომებული იყო, ხოლო დაცვაში გაცილებით ორგანიზებულად ვითამაშეთ, ვიდრე ესპანეთთან და კოსოვოსთან. ნიკა კვეკვესკირს რაც შეეხება: მე, როგორც მთავარი მწვრთნელი, ვიღებ გადაწყვეტილებებს ვარჯიშებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რასაც ისინი თავიანთ კლუბებში აჩვენებენ. ვინ ითამაშა და ვინ არა, ამ თემაზე ბევრი დისკუსია შეიძლება, რადგან ყველას თავისი აზრი აქვს“.

'...წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებათ მაღალ დონეზე თამაში და შესაბამისად - მე ნაკრებში მათი გამოძახება'

...ისევ მონდომებაზე: "მარტის თამაშების შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ შვედეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან თანაბრად შეიძლება თამაში. ბოლო მატჩებში კი, ვიმეორებ, რომ მონდომება არ შეიმჩნეოდა, რაც აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ, რომ პროგრესი გავაგრძელოთ."

...გიორგი აბურჯანიას შესახებ: „გასაგებია, რომ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მარტიდან მოყოლებული, ნაკრებში საკმაოდ სტაბილურად თამაშობდა და ნდობას იმსახურებდა. თუმცა, ნელ-ნელა კლუბში სათამაშო პრაქტიკა უნდა მიიღოს, ისევე, როგორც გურამ გიორბელიძემ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებათ მაღალ დონეზე თამაში და შესაბამისად - მე ნაკრებში მათი გამოძახება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში 6 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც ერთადერთი ქულა მოიპოვა და ბოლო, მე-5 ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდს მორიგი მატჩი 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ ელოდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები