Thumbnail

აბულაძე და ზოიძე 1/2-ფინალში არიან, დათუნაშვილმა სერბეთის სახელით გობაძეს მოუგო

  • მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სამი მოჭიდავე გამოვიდა
  • ლერი აბულაძე და რამაზ ზოიძე ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ
  • ლაშა გობაძე 1/4-ფინალში ზურაბ დათუნაშვილთან დამარცხდა 

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდნენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე (63 კგ) და რამაზ ზოიძე (67 კგ), რომლებიც ფინალის საგზურისთვის, შესაბამისად, უნგრელ ერიკ ტორბასა და ირანელ მოჰამადრეზა გარაეის დაუპირისპირდებიან.

დღესვე ოსლოში ლაშა გობაძემაც (87 კგ) იასპარეზა, თუმცა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილთან 1/4-ფინალში დამარცხდა - 1-3. გობაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს ფინალში დათუნაშვილის გასვლის შემთხვევაში მიიღებს. 

ამ წონით კატეგორიებში ნახევარფინალური შეხვედრები 19:00 სთ-იდან დაიწყება. მოგვიანებით ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მძიმეწონოსანი იაკობა ქაჯაია გამოვა, რომელსაც მეტოქედ თურქი ოსმან ილდირიმი ჰყავს. სამწუხაროდ, რეპეშაჟში დამარცხდნენ და ბრინჯაოსთვის ბრძოლას ჩამოშორდნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ). 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ოსლოში მოპოვებული ერთადერთი, ბრინჯაოს მედალია, რომელსაც ნუგზარ წურწუმია (55 კგ) დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები