Thumbnail

რუსეთში ცნობილი საფეხბურთო აგენტის, თემურ ღურწკაიას სიტყვებს ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ფასზე ინგლისური მედია გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ღურწკაიას მიაჩნია, რომ დღეს 20 წლის ქართველი ლეგიონერის რეალური ფასი 10-12 მილიონი ევროა და არა 20 მილიონი, რასაც მის სანაცვლოდ რუბინი ზაფხულში ითხოვდა. ბრიტანეთში მიაჩნიათ, რომ ეს ლიდს იუნაიტედს მოტივაციას აძლევს, რომ იანვარში ქართველი ფეხბურთელი შეიძინოს. 

footballfancast.com-ის დანიელ ემერი წერს, რომ თუ ღურწკაიას განცხადება სინამდვილეს შეეფერება, ლიდს იუნაიტედმა კვარაცხელია ზამთარში აუცილებლად უნდა შეიძინოს ამ ფასად, რაც მისი ტალანტის გათვალისწინებით საკმაოდ იაფია.

ხვიჩამ ამ სეზონში 8 მატჩში მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა

"ტრანსფერმარკტი" მას 18 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ვიქტორ ორტასთვის ეს იქნება ოქროს საბადო, თუ შეძლებს €12 მილიონად ხვიჩა კვარაცხელიას დაბევებას. საფეხბურთო აგენტი ამბობს, რომ მისი ფორმის გათვალისწინებით, ხვიჩა საბაზრო ფასი მცირდება, მაგრამ ეს ლიდსს არ უნდა ანაღვლებდეს. 20 წლის ასაკში არასტაბილურობა გარანტირებულია, მას კიდევ დიდი დრო აქვს, განვითარდეს, როგორც ფეხბურთელი. ფეხბურთელი, რომელსაც პოტენციალით რობენსა და რიბერის ადარებდნენ, არ უნდა დაკარგოს ლიდსმა. მარსელო ბიელსას უკვე დამტკიცებული აქვს, რომ შეუძლია ტალანტების "გახსნა". კარგი მაგალითია ილან მელიე, ფრანგი გოლკიპერის ფასი 344%-ით გაიზარდა ერთ სეზონში "ელანდ როუდზე" და არგენტინელს იგივეს გაკეთება შეუძლია ქართველთან მიმართებაში. ბიელსას შეუძლია ხვიჩა მეორე რაფინიად აქციოს, ოღონდ, მარცხენა ფლანგზე დრიბლინგის ბრწყინვალე უნარით. მალე შესაძლოა, კვარაცხელია ისეთივე ფლანგის ჯადოქრად ჩამოყალიბდეს კლუბისთვის, როგორიც ახლა რაფინიაა".

როგორც ხედავთ, ინგლისელები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს გადამეტებულმა ფასმა შეუშალა ხელი და შესაბამისი ფასდაკლების შემთხვევაში, ხვიჩას რუსეთში არავინ გააჩერებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები