Thumbnail
  • ჯაბა კანკავა მე-2 ქართველი ფეხბურთელი გახდება, ვინც ნაკრებში 100 მატჩს ითამაშებს
  • რა მოხდა 2013 წელს ალბანეთთან მატჩში, რომელიც ფიფამ გააუქმა

სულ მალე საქართველოს ნაკრების კაპიტანი, 35 წლის ჯაბა კანკავა გახდება მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩს ითამაშებს. თუმცა ეს ამბავი 8 წლის წინ გამართული ამხანაგური თამაშის გამო საკამათო იყო.

საქმე ისაა, რომ ჯაბა კანკავამ ორი ვერსიით ნაკრებში 98 ან 99 მატჩი გამართა. სადაოა შეხვედრა, რომელიც 2013 წელს "ქემალ სტაფაზე" გაიმართა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სტუმრად 2:1 დაამარცხა ალბანეთი, ჯაბა კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. ამ შეხვედრაში თემურ ქეცბაიამ ერთბაშად 7 ცვლილება განახორციელა, მაშინდელი ფიფას წესებით კი ა კატეგორიის ამხანაგურ მატჩებში მხოლოდ 6-6 შეცვლა იყო ნებადართული. შესაბამისად, ეს შეხვედრა ფიფამ "გააუქმა", ის არც რეიტინგებში გაუთვალისწინებიათ და არც სტატისტიკაში.

საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები ერთმანეთს ფაქტობრივად 14-ჯერ დაუპირისპირდნენ (8 მოგება საქართველოს ნაკრებს - ყველაზე მეტი გუნდისთვის), ოფიციალურად კი - 13-ჯერ (7 მოგება).

ასე რომ, ჯაბა კანკავას, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა, 99 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ერთს ფიფა არ უთვლის. ჩავუთვლით თუ არა ჩვენ - ფედერაციის გადასაწყვეტია. 

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პოზიცია ასეთია: ჯაბა ბათუმში საბერძნეთის ნაკრებთან მე-100 მატჩს ითამაშებს! სფფ-მ უკვე მიიღო დასტური უეფასგან, რომელმაც მომავალ "ცენტურიონს" უკვე სპეციალური საჩუქარიც გამოუგზავნა. ასე რომ, ფიფასგან განსხვავებით, უეფას პოზიცია სხვანაირია. 

ჯაბა კანკავასთვის საბერძნეთთან მატჩი ნაკრებში მე-100 იქნება

ჯაბამ ამ მატჩებში 10 გოლი გაიტანა, რაც მოქმედ ფეხბურთელებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია (მხოლოდ ოქრიაშვილსა [12] და ყაზაიშვილს [11] ჩამორჩება). კანკავამ 33 მატჩი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებში ჩაატარა, 23 - მუნდიალის, 10 უეფას ერთა ლიგაზე და 33 ამხანაგურებში. მოედანზე კი სულ 8 237 წუთი დაჰყო. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 100 კეპი მხოლოდ ლევან კობიაშვილს აქვს, სფფ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს. 

ეროვნული ნაკრების TOP 10 (მატჩები)

100 - ლევან კობიაშვილი 
99 - ჯაბა კანკავა
92 - ზურაბ ხიზანიშვილი
89 - გურამ კაშია
83 - კახა კალაძე
69 - გიორგი ნემსაძე
68 - გიორგი ლორია
67 - ალექსანდრე იაშვილი
62 - გოჩა ჯამარაული
61 - შოთა არველაძე

კომენტარები

ბოლო ამბები