Thumbnail

6 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები მილანში ესპანეთს უმასპინძლებს. ამ ტურნირის ‘ოთხთა ფინალში’ მათ გარდა, საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებებიც ითამაშებენ და მას იტალია (მილანი და ტურინი) უმასპინძლებს.

იტალიასთან მატჩის წინ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. "ფურია როხას" თავკაცის თქმით, იტალია ძალიან უყვარს და მისთვის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონთან თამაში, მაგრამ მისი გუნდი შეეცდება, "სკუადრა აძურას" წაუგებელი სერია დაასრულოს.

ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი)

...შემადგენლობაში ფორვარდის არარსებობაზე: "ვინ გითხრათ, რომ ფორვარდის გარეშე ვითამაშებთ? ალბათ ერთი იქნება, შეიძლება ორიც იყოს. ჩემს მიერ გაკეთებული არჩევანი ფეხბურთელების გამოძახებასთან დაკავშირებით, ძირითადად ნაკარნახევია მორენოსა და მორატას ტრავმებით, მაგრამ არ მაქვს გადაწყვეტილი, როგორ ვითამაშებთ იტალიასთან".

ესპანეთი იტალიას 6 ივლისს ევრო 2020-ის 1/2-ფინალში შეხვდა, 6 ოქტომბერს კი ერთა ლიგის 1/2-ფინალში ეთამაშება

...იტალიაზე და იტალიის ნაკრებზე: "ამ თამაშში ვეცდებით ბურთის ფლობას. მომწონს იტალიის ნაკრები და ჩვენ ამ მომენტში მართლაც ბევრი საერთო გვაქვს. რისი გვეშინია? ეს სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ვიცით, რომ იტალიას ბევრი რაღაცის კარგად გაკეთება შეუძლია. რასაკვირველია, არ დაველოდებით გოლის გაშვებას, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვეცდებით, რომ ჩვენი თვისებები თავიდანვე გამოვავლინოთ და ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა ამის საუკეთესოდ გაკეთებას. არ ვიცი, იტალია არის თუ არა ჩვენზე ძლიერი, მაგრამ მე თამაშის მოგების ამბიცია მაქვს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა იტალიაში დაბრუნება, ქვეყანაში, რომელიც მიყვარს, განსაკუთრებით რომაში მუშაობის შემდეგ. იტალიაში ბევრი რამ მიყვარს, მათ შორის, ეროვნული ნაკრებიც. ჩვენ ერთმანეთს ბევრ რამეში ვგავართ და ევროპის ჩემპიონთან თამაში პატივია. იტალია ევროპის ჩემპიონი დამსახურებულად გახდა და სიამოვნებით ვეცდებით მისი დაუმარცხებელი სერიის დასრულებას".

...მედიის კრიტიკაზე: "ჩვენი მიზანი ყოველთვის შეტევაა, მიუხედავად იმისა, როგორი შემადგენლობა გამოვიძახე. მე არ ვკითხულობ პრესას და არ ვუყურებ ტელევიზორს, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ თქვენს ნათქვამებს. ერთა ლიგის ბოლოს ვნახავთ სწორი იყო თუ არა ჩემი არჩევანი. ვფიქრობ, თქვენზე მეტი ცოდნა და ინფორმაცია მაქვს. წლებია არ წამიკითხავს გაზეთები და არ ვუსმენ იმას, რასაც ამბობთ".

იტალიის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 6 ოქტომბერს, მილანში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, იმავე სტადიონზე, 10 ოქტომბერს, ფინალს ბელგიის ან საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო წაგების შემთხვევაში 9 ოქტომბერს, ტურინში მეორე ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებულს გაეჯიბრება.

იტალია ესპანეთს ბოლოს ევრო 2020-ის ნახევარფინალში დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები