Thumbnail

მეორე ადგილი ესპანეთში - გიორგი გახელაძის სუპერსეზონი გრძელდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გიორგი გახელაძემ Hixpania Hard Enduro-ზე იასპარეზა
  • ესპანეთის ურთულეს შეჯიბრში მან მეორე ადგილი დაიკავა
  • მომდევნო ტურნირი თურქეთში, 13-16 ოქტომბერს გაიმართება

გიორგი გახელაძის მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპებზე წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს.

უკრაინისა და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირების შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა მოტომრბოლელმა გიორგი გახელაძემ ესპანეთში, Hixpania Hard Enduro-ზე იასპარეზა და ექსპერტის კლასში მეორე შედეგი აჩვენა. მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ ეტაპზე გახელაძის მიზანი საუკეთესო ათეულში მოხვედრა იყო, მაგრამ მან გაცილებით მეტი შეძლო - ესპანეთში დაკავებული მეორე ადგილი 20 წლის რაიდერისთვის შესანიშნავი შედეგია.

Hixpania Hard Enduro ესპანეთში დიდი ხანია, იმართება და ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ურთულესი შეჯიბრი, რომელშიც რაიდერებს თავიანთი ტექნიკის სრულად დემონსტრირება უწევთ. ასპარეზობა ქვიან ნიადაგზე იმართება და მსოფლიოს ჩემპიონატების ეტაპებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.

გიორგი გახელაძე: “ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად სარბოლო ეტაპია. მე ექსპერტების კლასში გამოვდიოდი და მოლოდინიცა და მიზანიც საუკეთესო ათეულში მოხვედრა იყო, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მეორე ადგილის დაკავება მოვახერხე, რასაც ნამდვილად არ მოველოდი. მიღწეული შედეგი, სხვა დანარჩენთან ერთად იმის დამსახურებაცაა, რომ შესაბამისი ტექნიკა და საბურავები სწორად შევარჩიე. რაც მთავარია, ამჯერად იღბალმა ზურგი აღარ მაქცია - მოტოციკლეტი მწყობრიდან არ გამოსულა, არ დაზიანებულა და არც სერიოზული ტრავმა მივიღე. მხოლოდ ერთ მომენტში შევეჯახე ხეს და თითები დავიზიანე, მაგრამ ეს უმნიშვნელო ამბავია. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან პოდიუმზე ავედი, მეორე ადგილის დაკავება ამ შეჯიბრზე ძალიან რთულია.”

შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართველი რაიდერი სამივე დღის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფებოდა და პირველობისთვის იბრძოდა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაფიქსირებული მეორე შედეგის შემდეგ, მომდევნო დღეს ტრეკზე სამი წრე იარა და ჯამში 174-კილომეტრიანი დისტანცია დაფარა. გახელაძეზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთმა რაიდერმა დააფიქსირა, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონია.

გახელაძე: “პირველობისთვის ბოლომდე ვიბრძოლე, მაგრამ მისი დამარცხება ადვილი არავისთვისაა. ძალიან სერიოზული კონკურენცია გავუწიე. პირველ წრეზე შეცდომა დავუშვი და ეს რომ არ მომხდარიყო, შეიძლება სენსაციაც მომეხდინა. შეცდომის გამო 8 წუთი დავკარგე და უცებ მე-10 ადგილზე აღმოვჩნდი, მაგრამ წინ ორი წრე იყო და მეორე ადგილის დაბრუნება შევძელი. საბოლოოდ, ლიდერთან მხოლოდ 2 წუთი წავაგე.”

მომდევნო შეჯიბრი, რომელზეც ქართველი რაიდერი იასპარეზებს, თურქეთის ეტაპია - Sea To Sky, რომელიც 13-16 ოქტომბერს გაიმართება, წლის მთავარი ტურნირია.

გახელაძე: “ესპანეთში ნაჩვენებმა შედეგმა თავდაჯერება შემმატა, თურქეთში კიდევ უფრო მოტივირებულიც წავალ და შევეცდები, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენო. ზოგადად, ესპანეთის ტრეკი უფრო რთულია, ვიდრე თურქეთის, მაგრამ ეს უკანასკნელი ბევრად უფრო მრავალფეროვანია. შევეცდები, მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენო წინა წლებთან შედარებით. ჩემი მიზანი იქნება მინიმუმ TOP 10 რაიდერში მოვხვდე. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, თუ პოდიუმზე ავალ და კიდევ ერთხელ ავაფრიალებ საქართველოს დროშას."

გიორგი გახელაძე 20 წლის პროფესიონალი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც მოტოციკლის მართვა 2015 წელს, 15 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ მოტოსპორტში აქტიურადაა ჩართული. 2017 წლიდან იგი საქართველოს უცვლელი ჩემპიონია - 30-შეჯიბრიანი დაუმარცხებელი სერიით. 2017 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეჯიბრებზე საპრიზო ადგილები დაიკავა, 2018-2019 წლებში RedBull Sea To Sky-ის ოქროს კლასისა და Erzberg Rodeo-ს ფინიშერი გახლდათ, 2020 წელს კი - სპორტის ამ სახეობის ყველაზე რთული შეჯიბრის, RedBull Romaniacs-ის ოქროს კლასის ფინიშერი. ყველაზე წარმატებული ქართველი მოტომრბოლელის მხარდამჭერი აგვისტოში კომპანია "ევროპაბეთი" გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები