Thumbnail
  • რეაქციები და კომენტარები მონაკოს გრანპრის შემდეგ
  • სებასტიან ფეტელმა განმარტა, რატომ არ შეუტია რიკარდოს
  • ფერნანდო ალონსოს კრიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ მონაკოს გრანპრის გამარჯვებულ დანიელ რიკარდოს ძრავის პრობლემები ჰქონდა, სებასტიან ფეტელმა მას მაინც არ შეუტია და, ფერარის გერმანელი პილოტი საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

შესაბამისად, რბოლის შემდეგ ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა: რატომ არ გარისკა ფეტელმა? გერმანელმა ეს ყველაფერი ასე ახსნა: “არ ვიყავი კარგ პოზიციაში. მას სახიფათოდ ერთხელაც ვერ მივუახლოვდი. ეს არც მაშინ მოხდა, როცა მას პრობლემები ჰქონდა. სწორზე, რა თქმა უნდა, ბევრ დროს ვიგებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, მონაკოში სწორი მონაკეთები მოკლეა. მთელი რბოლის განმავლობაში უკან ყოფნა ლამაზი არ არის, მაგრამ ვერაფერი შევძელი,” - განაცხადა ფეტელმა.

“რედ ბულის” პილოტს პოული მოგებული ჰქონდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, რბოლაც უპრობლემოდ მოიგო. ლუის ჰემილტონმა მესამე ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვლაში, 21-დან 6 რბოლის შემდეგ 110 ქულით ლიდერობს. ფეტელი 96 ქულით მეორე ადგილზეა.

მონაკოს გრანპრი დანიელ რიკარდომ მოიგო

გამარჯვებულმა რიკარდომ რბოლის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: “მთელი რბოლის განმავლობაში პრობლემები გვქონდა, მაგრამ მაინც მოვიგეთ. ნახევარი რბოლაც კი არ იყო გასული, რომ სიმძლავრის ვარდნა ვიგრძენი და ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. მაგრამ ფინიში მაინც პირველმა გადავკვეთე - მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს რვიდან მხოლოდ 6 გადაცემას ვიყენებდი. მადლობა მთელ გუნდს!”

ლუის ჰემილტონი (მერსედესი, მე-3 ადგილი): “ვულოცავ “რედ ბულს” და დანის. კვალიფიკაციაზეც ყველაზე სწრაფი იყო და რბოლის დროსაც. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. კარგი იქნებოდა, მეორე ადგილი რომ დამეკავებინა, მაგრამ არ გამოვიდა. რაც მთავარია, ბოლომდე ვეცადე. რაც შეეხება დაძაბულობას: მე-6 წრის შემდეგ უბრალოდ დავდიოდით, ვკრუიზირებდით. ეს არ იყო ნაღდი რბოლა. უბრალოდ დავსეირნობდით.”

ფერნანდო ალონსო (მაკლარენ-ჰონდა): “ჩემი აზრით, ეს ყველა დროის ყველაზე მოსაწყენი რბოლა იყო. არც Safety-Car-ის ფაზა იყო, არც ყვითელი დროშები… ჩემი აზრით, ამ შოუზე კარგად უნდა დავფიქრდეთ, რადგან მონაკოს გრანპრი იმედგაცრუება იყო. უბრალოდ, წინ მიმავალ მანქანას მიყვები - ეს არის და ეს. იწყებ ერთი პოზიციიდან და ამთავრებ იმავე პოზიციით. ჩვენ, სამწუხაროდ, ისევ დეფექტი გვქონდა და ქულები დავკარგეთ.”

კომენტარები

ბოლო ამბები