Thumbnail

“ღამე ვერ ვიძინებ!” ლივერპულის მეკარეს მოკვლით ემუქრებიან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლივერპულის ფანები ლორის კარიუსს მოკვლით ემუქრებიან
  • ფინალის ანტიგმირმა მუქარის უამრავი წერილი მიიღო
  • პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული ორი კატასტროფული შეცდომის შემდეგ, რის გამოც ლივერპული რეალთან დამარცხდა, მერისაიდელთა მეკარე ლორის კარიუსს ცხოვრების ურთულესი პერიოდი აქვს.

ლორის კარიუსმა ფინალში 2 გადამწყვეტი შეცდომა დაუშვა

მართალია, მადრიდელებთან მარცხის (1:3) შემდეგ მას ბევრმა გამოუცხადა მხარდაჭერა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ურჩია, რომ არაფერი წაიკითხოს, მაგრამ არსებობენ ისეთი ქომაგებიც, რომლებიც კარიუსს უკიდურესი ფორმებით ლანძღავენ და ემუქრებიან.

ინგლისური გამოცემა “ტელეგრაფი” წერს, რომ პოლიციამ სოციალური მედიის რამდენიმე იუზერზე საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. საუბარია იმ იუზერებზე, რომლებიც ფინალის შემდეგ ლივერპულის მეკარეს არც მეტი, არც ნაკლები, მოკვლით ემუქრებოდნენ! ასეთი სასტიკი მუქარის წერილები კარიუსის ოჯახის წევრებმაც მიიღეს.

“პოლიცია სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველ კომენტარებს და წერილებს ძალიან სერიოზულად ეკიდება. თითოეული კომენტარისა თუ წერილის ავტორზე გამოძიებას ვაწარმოებთ,” - განუცხადა პოლიციის პრეს-მდივანმა “ტელეგრაფს”.

შაბათის ფინალის შემდეგ ლორის კარიუსი თავს ძალიან ცუდად გრძნობს: “ვერც იმ ღამეს დავიძინე და ვერც მეორე ღამეს - ძალიან ცუდად ვარ. ორივე გოლის მომენტი სულ თვალწინ მიდგას. არ ვიცი, როდის შევძლებ ამ ყველაფრის დავიწყებას, ან შევძლებ თუ არა საერთოდ,” - განაცხადა ლივერპულის კარის დარაჯმა.

კომენტარები

ბოლო ამბები