Thumbnail
  • იტალიელი კეილორ ნავასთან პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძვის 
  • 22 წლის მეკარეს იტალიის ეროვნულ ნაკრებში პოზიციის შერყევის შიში არ აქვს
  • ჯიჯო აღიარებს, რომ მილანის გულშემატკივარი ყოველთვის იქნება 

იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც გასულ ზაფხულს მილანიდან პარი სენ-ჟერმენში გადაბარგდა, არჩევანს არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის პირველი მეკარის სტატუსთვის აქამდე იბრძვის კოსტარიკელ კეილორ ნავასთან.

პარიზული გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო 22 წლის იტალიელ მეკარეს სათადარიგოთა სკამზე არცთუ იშვიათად სვამს, თუმცა ჯიჯო მომავალს იმედიანად უყურებს და აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში პროგრესიც შესამჩნევი აქვს.

"კლუბში არასკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო ნაკრებში ადგილის დაკარგვის რისკი პრობლემა არაა. პარიზში იმისთვის მოვედი, რომ ვითამაშო, მაგრამ ნორმალურია, რომ ჯერჯერობით ცოტას ვთამაშობ. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ყველაფერი ბრწყინვალედ იქნება. ეროვნულ გუნდთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ვაგრძელებ არჩეული გზით სიარულს და იმედი მაქვს, ყველაფერი გამოვა. ბოლო ორნახევარი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოვუმატე. გავიზარდე, როგორც პიროვნება", - ამბობს დონარუმა.

მეკარემ ასევე აღიარა, რომ ურთიერთობას ინარჩუნებს მილანის მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლისთან, რომლის ხელმძღვანელობითაც პარიზში გადაბარგებამდე გამოდიოდა. "როსონერის" სერია A-ს 7 მატჩში 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ნაპოლის (21 ქულა) ჩამორჩება.

"მახარებს ის, თუ როგორ მისდის მილანს საქმეები. ყოველთვის ვიქნები ამ კლუბის ფანი. გახარებული ვარ პიოლის გამო, რომელსაც რეგულარულად ვეხმიანები". 

ჯიჯო უეფას ერთა ლიგის ოთხთა ფინალისთვის ემზადება

ჯანლუიჯი დონარუმამ, რომელმაც გასულ ზაფხულს იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2020 მოიგო, ფრანგულ ლიგა 1-ში სულ სამ მატჩში ითამაშა და ამდენივე გოლი გაუშვა. პოჩეტინო უფრო მეტად კეილორ ნავასს ენდობოდა, რომელმაც პარიზელთა კარი 6 თამაშში დაიცვა (6 გაშვებული გოლი).

კომენტარები

ბოლო ამბები