Thumbnail
  • NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის გადამწყვეტი მატჩი კლივლენდმა მოიგო
  • ლებრონ ჯეიმსმა კავალიერსი ფინალში გაიყვანა
  • “მეფისთვის” ეს ზედიზედ მე-8 ფინალია

კლივლენდ კავალიერსს ამ სეზონში ბევრი პრობლემა ჰქონდა. გუნდმა, რომელიც ზედიზედ სამჯერ იყო NBA-ს ფინალში (1 მოიგო, 2 წააგო), რეგულარულ სეზონში, აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ წელს ლებრონ ჯეიმსს ფინალში ვეღარ ვიხილავდით. მაგრამ “მეფემ” და კომპანიამ პლეი ოფში მოუმატეს და აი, ზედიზედ მე-4 ფინალს ითამაშებენ! თავად ლებრონისთვის კი ეს მიყოლებით მე-8 ფინალია!

მე-7 და გადამწყვეტ შეხვედრაში კლივლენდმა ბოსტონი სტუმრად 87:79 დაამარცხა, რაც ისევ და ისევ ლებრონ ჯეიმსის დამსახურებაა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა, სულ რაღაც 1 პასი დააკლდა. 33 წლის ლებრონმა 35 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი დააგროვა! კავალიერსის “ღმერთმა” პარკეტზე 48 (!) წუთი გაატარა!

პირადად ლებრონმა გადამწყვეტი მე-7 მატჩი ზედიზედ მეექვსედ მოიგო! ჯეიმსის შემდეგ, ეს გამარჯვება ყველაზე მეტად ყოფილი ბოსტონელის, ჯეფ გრინის დამსახურებაა (19 ქულა, 8 მოხსნა). შეგახსენებთ, რომ კევინ ლავი წინა შეხვედრაში დაშავდა და ამ მატჩში არ უთამაშია.

ბოსტონ სელტიკსს NBA-ს ფინალი 2010 წლის შემდეგ აღარ უთამაშია და ეს ვერც ახლა გააკეთა. არადა, საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე, ბრედ სტივენსის გუნდისთვის ყველაფერი საკმაოდ კარგად იყო - ბოსტონი 72:71 იგებდა, მაგრამ კავალიერსმა თამაშში გადამწყვეტი გარდატეხის შეტანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ბოსტონიდან საუკეთესოები ჯეისონ ტეიტუმი (24 ქულა) და ოლ ჰორფორდი (17) იყვნენ.

ლებრონი და კავალიერსი ფინალში ან ჯეიმს ჰარდენის ჰიუსტონ როკეტსს შეხვდებიან, ანაც ისევ (ზედიზედ მეოთხედ) სტეფ კარისა და კევინ დურანტის გოლდენ სტეიტ უორიორსს. ამ გუნდების გადამწყვეტი, მე-7 მატჩი სამშაბათს გამთეენისას გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები