Thumbnail

10:0 ყაზახთან - პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
  • გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა, ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში თავისუფალ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს ხალიჩაზე 4 ქართველი მოჭიდავე გავიდა: ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მან იაპონელ სატო მასაკის 13:2 მოუგო, ხოლო ალიაკბარ ემამიჩოგაეი 10:1 დაამარცხა. ავთანდილის მეტოქე ნახევარფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ტაჯმურაზ მაირბეკოვიჩი იყო და მასთან 0:5 დამარცხდა.

ტრადიციულად, გენო პეტრიაშვილმა ფინალის საგზური მარტივად მოიპოვა. მან მონღოლ ლხაგვასურენ მუნხტურს 11:1 აჯობა, ხოლო ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი 5:0 დაამარცხა. გენომ ნახევარფინალში ყაზახ ოლეგ ბოლტინს 10:0 მოუგო. პეტრიაშვილი და კენჭაძე ფინალურ ბლოკში ხვალ იჭიდავებენ. პეტრიაშვილს შანსი აქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები