Thumbnail
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
  • პირველ საჭიდაო დღეს ხალიჩაზე 4 ქართველი გავიდა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში თავისუფალ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს ხალიჩაზე 4 ქართველი მოჭიდავე გავიდა: ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

ბექა ლომთაძე პირველი წრიდან თავისუფალი იყო და მეორე წრეში ინდოელ რავინდერ რავინდერთან 2:6 დამარცხდა. სამწუხაროდ, ის ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებს, რადგანაც ინდოელმა მოჭიდავემ მეოთხედფინალური ბრძოლა წააგო.

ნახევარფინალშია ავთანდილ კენჭაძე, რომელმაც იაპონელ სატო მასაკის 13:2 მოუგო, ხოლო ალიაკბარ ემამიჩოგაეი 10:1 დაამარცხა. ავთანდილის მეტოქე ნახევარფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ტაჯმურაზ მაირბეკოვიჩი იქნება.

სამწუხაროდ, სანდრო ამინაშვილი მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ აბუბაქარ აბაქაროვთან 2:10 წააგო, სანდრო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს, თუ მისი მეტოქე ფინალში გავა.

ტრადიციულად, გენო პეტრიაშვილმა ნახევარფინალის საგზური მარტივად მოიპოვა. მან მონღოლ ლხაგვასურენ მუნხტურს 11:1 აჯობა, ხოლო ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი 5:0 დაამარცხა. გენო ნახევარფინალში ყაზახ ოლეგ ბოლტინს შეხვდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:30-საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები