Thumbnail

FIFA 22 | ქართველი გეიმერები ოფიციალურ ტურნირებზე საქართველოს სახელით ითამაშებენ

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

ყველასთვის საყვარელი ვიდეო თამაშის, FIFA-ს ახალი ვერსია პირველ ოქტომბერს გამოვიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, FIFA-ს გლობალური სერიის (FGS) კომისრის მოადგილემ, რუშან შეკარმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. რუშან შეკირის განცხადებით, FIFA 22 GLOBAL SERIES-ის ღონისძიებებს ახალი ქვეყნები დაემატება, მათ შორისაა საქართველოც, რაც ქართველ მოთამაშეებს ოფიციალურად მისცემს შანსს, EA SPORTS FIFA-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელით იასპარეზონ. 

ორგანიზაცია ყოველწლიურად ახალ ქვეყნებს ამატებს, რათა უფრო მეტი მოთამაშე დარეგისტრირდეს საკუთარი ადგილმდებარეობის მიხედვით. განახლების შემდეგ, საქართველოსთან ერთად კიდევ 15 ქვეყანა დაემატა. აღსანიშნავია, რომ საქართველო შუა აღმოსავლეთის (Middle East) რეგიონში მოხვდა. 

მიმდინარე წელს, 4 ონლაინ შესარჩევი ეტაპი ჩატარდება. მოთამაშეები გლობალურ სერიულ ქულებს, მათი რეგიონალური რეიტინგის მიხედვით მიიღებენ. სეზონის ბოლოს რეგიონის საუკეთესო მოთამაშეები მიწვეულები იქნებიან გლობალური სერიის პლეიოფში. ონლაინ კვალიფიკაციის პირველადგილოსანი 10 000 დოლარს მიიღებს, ხოლო ფინალური ეტაპის გამარჯვებული 100 000 დოლარით დაჯილდოვდება.

ქართველ გეიმერებს აქამდეც ჰქონიათ ფიფას ოფიციალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გამოცდილება, მაგრამ მათ სხვა ქვეყნების ადგილმდებარეობის მითითება უწევდათ, რადგან საქართველო ჩამონათვალში არ იყო. სულ სამმა ქართველმა მოთამაშემ მოახერხა კვალიფიკაციაზე ასპარეზობა - ნიკა ასათაშვილმა, ლადო ონიანმა და გიორგი გოგოლმა.

კომენტარები

ბოლო ამბები