Thumbnail

საშუალოდ 6 000 ევრო - რამდენს უხდის ტირასპოლის შერიფი მწვრთნელს და ფეხბურთელებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა ტირასპოლის შერიფია, რომელიც ჯერ იყო და, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად გავიდა, მერე დონეცკის შახტარს მოუგო და მე-2 ტურში მადრიდში, რეალიც დაამარცხა!

მოლდოვის ჩემპიონს უკრაინელი მწვრთნელი, იური ვერნიდუბი ავარჯიშებს, რომელსაც, როგორც გაირკვა, თვეში ხელფასი 20 000 ევრომდე აქვს. ამის შესახებ ProTV Chisinau იტყობინება. უკრაინელის გასამრჯელო გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მისი მეტოქეების, სიმონე ინძაგის, კარლო ანჩელოტისა და რობერტო დე ძერბის ხელფასები. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვერნიდუბის ვარიანტიც დასახელდა, მაგრამ საბოლოოდ, უკრაინელმა მუშაობა მოლდოვურ კლუბში დაიწყო, ხოლო საქართველოს ნაკრები ვილი სანიოლმა ჩაიბარა.

შერიფი იუვენტუსის, არსენალისა და ლივერპულის მერე მე-4 გუნდია, რომელმაც რეალს მადრიდში პირველივე თამაში მოუგო

Digisport-ის ინფორმაციით კი, შერიფის ფეხბურთელების საშუალო ხელფასი თვეში 6 000 ევროა. წამყვანი მოთამაშეები დაახლოებით 15 000 ევროს გამოიმუშავებენ, ხოლო ახალგაზრდა ფეხბურთელების ხელფასი მხოლოდ 1000 ევროს უტოლდება.

შერიფი ძირითადად უცხოელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მთავარ გუნდში მხოლოდ 5 მოლდოველი მოთამაშე ირიცხება - დანარჩენები ლეგიონერები არიან და ისტორიულ წარმატებაშიც წვლილი მათ შეიტანეს.

შერიფმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო და თუ ამას მხედველობაში მივიღებთ, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და არ დამარცხებულა (8 მოგება, 2 ფრე). მოლდოვის ჩემპიონი D ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, მილანში, ინტერს დაუპირისპირდება. ტირასპოლური გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი ვაჟა თარხნიშვილსაც მიუძღვის, რომელიც კლუბის გენერალური დირექტორია.

კომენტარები

ბოლო ამბები