Thumbnail

ძალოსნობა | რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რევაზ დავითაძე ევროპირველობაზე მხოლოდ სომეხ მეტოქეს ჩამორჩა
  • ბრინჯაოს მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა ირაკლი გობეჯიშვილს

ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე (89 კგ.) ფინეთის ქალაქ როვანიემიში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

დავითაძემ 23-წლამდელთა ტურნირზე ატაცში პირველი 2 მისვლა (159 და 163 კგ.) გამოიყენა, 166 კგ-ს კი ვერ გაუმკლავდა და ლიდერ კარენ ავაგიანს 2 კგ-ით ჩამორჩა. რევაზი ასევე მე-2 იყო აკვრაშიც, სადაც მისი საბოლოო შედეგი 193 კგ. იყო და ამ შემთხვევაშიც, მას მხოლოდ სომეხმა ძალოსანმა (195 კგ.) აჯობა.

საერთო ჯამში, დავითაძემ 356 კგ. მოაგროვა და ავაგიანმა მას 4 კგ-ით გაუსწრო, მე-3 ადგილზე კი რუსი ნიკიტა ხრულიოვი (346 კგ.) გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა მხოლოდ 1 კგ-ით აჯობა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ ირაკლი გობეჯიშვილს (345 კგ.).

რევაზ დავითაძე

ატაცი: 159 კგ. ✅, 163 კგ. ✅, 166 კგ. ❌

აკვრა: 187 კგ. ✅, 192 კგ. ❌ 193 კგ. ✅ 

შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობის კვარცხლბეკზე ასვლა ასევე მოახერხა კახი ასანიძემ (73 კგ.), რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის შვილია. ის  23-წლამდელთა ტურნირზე ვერცხლის მედალოსანი გახდა. დარჩენილ დღეებში ფიცარნაგზე კიდევ რამდენიმე ქართველ ძალოსანს ვიხილავთ: 2 ოქტომბერს ზაზა ლომთაძე, ვანო ქაზუმაშვილი (ორივე – 102 კგ.) და აკაკი ტალახაძე  (109 კგ.) იასპარეზებენ, ხოლო 3-ში – ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები