Thumbnail

ჭიდაობა | რუსეთის ნაკრები რეისიდან მოხსნეს და ღამე აეროპორტში გაათენებინეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ოსლოში მიმავალ რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრებს ამსტერდამში პრობლემა შეექმნა
  • პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, სპორტსმენები ავიარეისზე არ დაუშვეს
  • პირველობაზე რუსეთი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მეტოქე იქნება

რუსი მოჭიდავეები, რომლებიც ოსლოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსასვლელად ნორვეგიაში მიემგზავრებოდნენ, ამსტერდამში ავიარეისზე არ დაუშვეს.

ამის მიზეზი პირბადის ტარების წესის დარღვევა გახდა. შედეგად, აეროპორტში ღამის გათენება რუსეთის ნაკრების მწვრთნელს ძამბოლატ თედეევსა და მასთან ერთად რამდენიმე სპორტსმენს მოუხდა.

რუსი მოჭიდავეების გუნდი ნორვეგიაში გადაჯდომით მიფრინავდა და ოსლოში ამსტერდამიდან უნდა გაფრენილიყო. რუსული მედიის ინფორმაციით, რეისიდან სპორტსმენების მოსხმის მიზეზი ის გახდა, რომ ისინი თვითმფრინავის სალონში პირბადის გარეშე იმყოფებოდნენ. საბოლოოდ, აეროპორტში ღამის გათენება, მწვრთნელთან ერთად, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევს, ტიმურ ბიჟოევს, ევგენი ჟერბაევსა და აბასგაჯი მაგომედოვს მოუხდათ. მათ ოსლოში გამგზავრება კი მხოლოდ მეორე დღეს დილით შეძლეს.

რუსეთის ნაკრების მწვრთნელის თქმით, ამსტერდამის აეროპორტში ნიღბების გარეშე იყვნენ ადგილობრივებიც, თუმცა მოთხოვნა რატომღაც მხოლოდ მათ წაუყენეს. 

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში 2-10 ოქტომბერს გაიმართება და მასში საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებიც გამოვლენ. შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს პირველობა კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები