Thumbnail
  • ეგვიპტეში იმედი აქვთ, რომ სალაჰი გამოჯანმრთელებას მოასწრებს
  • ნაკრების მთავარი ექიმი ოპტიმისტურადაა განწყობილი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის შემდეგ, მოჰამედ სალაჰის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. 25 წლის ეგვიპტელმა სერხიო რამოსთან ორთაბრძოლისას მხრის სერიოზული დაზიანება მიიღო და პირველი ცნობების თანახმად, ეგვიპტის ნაკრების უმთავრესი და, ფაქტობრივად ერთადერთი იმედი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს. მაგრამ ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციაში იმედი აქვთ, რომ სალაჰი მუნდიალზე მაინც ითამაშებს!

ეგვიპტის ფეხბურთის მესვეურების ოფიციალური განცხადებით, ლივერპულის სამედიცინო შტაბმა ეგვიპტის ნაკრების მთავარ ექიმს, მოჰამედ აბუ ალ-ალას რენტგენის სურათები და დეტალური ინფორმაცია გაუგზავნა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი იმედიანადაა განწყობილი. ალ-ალას სჯერა, რომ მოს დროულად გამოაჯანმრთელებს და სალაჰი მუნდიალზე იასპარეზებს!

ამ თემაზე კომენტარი ეგვიპტის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ხალიდ აბდულ-ასისმა კომენტარი გააკეთა - მისი თქმით, სალაჰი 2 კვირაში უნდა გამოჯანმრთელდეს. ეგვიპტელები ლივერპულთან შეთანხმდნენ, რომ სალაჰი ჯერ ინგლისში იმკურნალებს და ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება. ამის შესახებ გაზეთი “ალ-მასრი ალ-იავმი” წერს.

შეგახსენებთ, რომ სალაჰს ტრავმა სერხიო რამოსმა მიაყენა, რომლის შესახებაც ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, მთელი ეგვიპტე გადაიმტერაო. თავად რეალის კაპიტანმა სალაჰს ტვიტერზე მოუბოდიშა და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

მოჰამედ სალაჰმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, პრემიერლიგაში 32 გოლით საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ეგვიპტის ნაკრებში მას 57 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი და მუნდიალისთვის გუნდის მთავარი იმედია. ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში რუსეთთან, საუდის არაბეთთან და ურუგვაისთან ერთად მოხვდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები