Thumbnail

კიტეიშვილის ტრავმა - ოთარმა პსვ-სთან მატჩში მოედანი კოჭლობით დატოვა

გრაცის შტურმის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში პსვ ეინდჰოვენთან ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც შეხვედრა მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მოედანი 82-ე წუთზე, მას შემდეგ დატოვა, რაც უკნიდან ფეხში ძლიერად ჩაარტყეს. ოთარი გაზონზე იწვა, მოედნიდან კი გუნდის პერსონალის დახმარებით, კოჭლობით გავიდა.

რა სიმძიმისაა ოთარის ტრავმა, მოგვიანებით გაირკვევა. იქამდე კი არსებობს საშიშროება, რომ 25 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოქტომბრის შეხვედრებში ვერ დაეხმაროს. 

ოთარმა პსვ-სთან 82-წ წუთამდე ითამაშა და გაფრთხილება მიიღო

ვილი სანიოლის გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ შეხვედრას გამართავს - 9 ოქტომბერს საბერძნეთს უმასპინძლებს, 12-ში კი სტუმრად კოსოვოს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების თავკაცმა მომავალი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა 24-კაციან სიაში ოთარ კიტეიშვილიც შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილმა ერთი თვის წინ ტრავმა სწორედ ეროვნულ გუნდში, კოსოვოსთან საშინაო შეხვედრაში (0:1) მიიღო და მოედანი მე-12 წუთზე დატოვა. ოთარს მომდევნო მატჩებში - ესპანეთსა (0:4) და ბულგარეთთან (1:4) აღარც უთამაშია.

გრაცის შტურმმა პსვ ეინდოვენთან ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა შინ ანგარიშით 1:4 დათმო და ორიდან ორი მარცხითა და 0 ქულით B ჯგუფში ბოლო ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები