Thumbnail
  • ვაჟა თარხნიშვილი ტირასპოლის შერიფის ლეგენდა და გენერალური დირექტორია
  • მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მთავარი სენსაციის შემოქმედია
  • შერიფმა რეალს სანტიაგო ბერნაბეუზე მოუგო და 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს
  • პოპსპორტი თარხნიშვილს შერიფის წარმატებებზე და ქართულ ფეხბურთზეც ესაუბრა

ჩემპიონთა ლიგის მთავარი სენსაცია ტირასპოლის შერიფია. ჯგუფში, რომელშიც შერიფის გარდა, მადრიდის რეალი, ინტერი და დონეცკის შახტარი გამოდის, მოლდოვური კლუბი ორი ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერია - ტირასპოლელებმა ჯერ შახტარს მოუგეს, მერე კი რეალს, მადრიდში.

შერიფის გენერალური დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, რომელიც ადრე გუნდის კაპიტანი იყო და ამ კლუბის ლეგენდაა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, თარხნიშვილი ჯერ შერიფის სპორტული, ხოლო შემდეგ კი გენერალური დირექტორი გახდა. 'სანტიაგო ბერნაბეუზე' რეალის დამმარცხებელი გუნდის ქართველ ხელმძღვანელს პოპსპორტი ისტორიული მატჩის შემდეგ დაუკავშირდა.

შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორ შეძლო ვაჟა თარხნიშვილმა ტრანსფერებში დახარჯული თანხის გარეშე გუნდის ისე გაძლიერება, რომ ამ კლუბმა საკვალიფიკაციო ეტაპებზე ჯერ ცრვენა ზვეზდას, ხოლო შემდეგ კი ზაგრების დინამოს სძლია, ჯგუფურ ეტაპზე კი უკვე შახტარს და რეალს მოუგო.

POPSPORT: მადრიდში თამაშის შემდეგ, შერიფის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გამარჯვების გჯეროდათ. მართლა ფიქრობდით, რომ რეალს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოუგებდით?

ვაჟა თარხნიშვილი: გვქონდა ოცნება და იდეა, რომლისაც ყველამ დაიჯერა. ფეხბურთში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე და ჩვენი გუნდის მწვრთნელი მადრიდში გამარჯვებაზე ვიყავით მომართულები. იგივე განწყობა გადაედოთ ფეხბურთელებსაც. რა თქმა უნდა, გამართლების გარეშე არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ იმისთვის, რომ "ფეხბურთის ღმერთმა" გადმოგხედოს, ძალიან ბევრი რამ უნდა გააკეთო. რეალს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა. ბურთის ფლობა მადრიდელებს ორჯერ მეტი ჰქონდათ. ჩვენი სათამაშო გეგმაც ეს იყო. უნდა გვემოქმედა მაქსიმალურად ყურადღებით დაცვაში და გამოგვეყენებინა ის პლუსები, რომელიც შერიფს აქვს. ჩვენი გუნდი ძალიან სწრაფად გადადის მოედნის ცენტრს. კონტრშეტევები ჩვენი შანსი იყო, რადგანაც ძალიან სწრაფი ფეხბურთელები გვყავს. მადრიდში გამარჯვების მოპოვების გადამწყვეტი ფაქტორი თამაშის სცენარის სწორი დაგეგმვა გახდა.

ვაჟა თარხნიშვილი შერიფის ლეგენდა და ახლა უკვე გენერალური დირექტორია

POPSPORT: ასეთ გუნდებთან გასვლითი მატჩების დროს სტუმარი გუნდი უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. როგორ შეძლო შერიფმა ამ წნეხთან გამკლავება?

თარხნიშვილი: გემახსოვრებათ, იყო ასეთი ძალიან კარგი ფეხბურთელი იგორ დობროვოლსკი. მას ესპანეთში აქვს ნათამაშები, ჩემი მეგობარია. მადრიდული მატჩის წინ მას შევხვდი, გამაფრთხილა: "უთხარი შენს ფეხბურთელებს, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლა ექნებათ". დობროვოლსკის სიტყვები ჩვენს მწვრთნელს გადავეცი და მან შეძლო მოთამაშეებისთვის სტრესის მოხსნა. წარმოიდგინეთ, ჩვენი ფეხბურთელები ამ ლეგენდარულ სტადიონზე პირველად თამაშობდნენ, მიუხედავად ამისა, ამ ფსიქოლოგიური ფაქტორის გადალახვა მოახერხეს და ისე მოქმედებდნენ, თითქოს ამ არენაზე ბევრჯერ გასულან. 3 000 მეტრიდან პარაშუტით რომ გადმოვხტი, ეგ ამბავი გამახსენდა. შერიფიც პარაშუტით გადმოხტა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" მშვიდობიანად დაეშვა. უდიდესი გამოცდილება მივიღეთ და რაც მთავარია, შიში გადავლახეთ. 

POPSPORT: როგორ იზეიმა ქალაქმა ეს უდიდესი წარმატება?

თარხნიშვილი: როგორც ვიცი, ტირასპოლში დიდი მხიარულება იყო. თამაშის შემდეგ მთელი ქალაქი ზეიმობდა. ჩვენ კიშინიოვიდან დავფრინავთ. რა თქმა უნდა, დედაქალაქში ჟურნალისტები დაგვხვდნენ, მაგრამ როდესაც ჩამოვფრინდით, დილის 7 საათი იყო და ფანები, რომლებმაც მთელი ღამე იზეიმეს, რამდენადაც ვხვდები, უკვე ძალიან დაღლილები იყვნენ. 

'შერიფს არ ჰყავს სელექციონერი, არ ჰყავს სკაუტები, გუნდის დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა მე მაკისრია'

POPSPORT: გასაგებია, რომ მადრიდული მატჩის წინ გამარჯვებაზე ოცნებობდით. დავიჯერო, იმასაც უშვებდით, რომ ორი ტურის შემდეგ შერიფი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი იქნებოდა?

თარხნიშვილი: მე და გუნდის მთავარი მწვრთნელი თანამოაზრეები ვართ. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ორივეს ცხოვრებისეული კრედო ნაბიჯ-ნაბიჯ წინ სიარულია. რომ გითხრათ, ორი ტურის შემდეგ ლიდერობის მოლოდინი მქონდა-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ პირველი მატჩის მერე ლიდერები ვიყავით და მადა ჭამაში მოდის. ყველა მაქსიმუმზე ოცნებობს. შემდეგი თამაში მილანში გვაქვს. ეს მატჩი ყველაზე ძნელი იქნება, რადგან სტატუსი შეგვეცვალა და ინტერს ამ თამაშში მოგება ძალიან სჭირდება. რეალობას თვალი გავუსწოროთ - მადრიდელები ჩვენს წინააღმდეგ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ნაკლებად კონცენტრირებულები იყვნენ. მეორე ნახევარში მათი დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ ასეთ დროს გადაწყობა ძალიან ძნელია. ინტერმა უკვე იცის ყველაფერი და მათი მიდგომა სხვა იქნება. თუნდაც ის ფაქტი, რომ თამაშამდე ტირასპოლში სამი ტელეკომპანია ჩამოდის, ბევრ რამეზე მეტყველებს. 

POPSPORT: გუნდში ძალიან ბევრი ლეგიონერი გყავთ. მოლდოვაში უცხოელ ფეხბურთელებზე ლიმიტი არ არსებობს?

თარხნიშვილი: ლიმიტის მოხსნაზე დიდი მუშაობა დაგვჭირდა. შერიფი ამ კანონის გაუქმების ინიციატორი იყო, რამაც ხელ-ფეხი გაგვიხსნა და შედეგმაც არ დააყოვნა. 

POPSPORT: შერიფის შემადგენლობის შესწავლისას, თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ მოთამაშეების დიდი ნაწილი გუნდში 2021 წლიდანაა და რაც მთავარია, ამ ფეხბურთელების ტრანსფერებში კლუბს ფული არ დაუხარჯავს. ასეთი ძლიერი სელექციონერები გყავთ?

თარხნიშვილი: გუნდის დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა მე მაკისრია. შეიძლება ვინმეს გაეცინოს, მაგრამ შერიფს არ ჰყავს სელექციონერი, არ ჰყავს სკაუტები. ფეხბურთელების მონაცემებს, მათი თამაშის ამსახველ კადრებს ვუყურებ და შემდეგ, შეფასებას, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელი აკეთებს. ყოველდღიურად ბევრი ფეხბურთელის ინფორმაციის გადამუშავება ხდება. კლუბის პრეზიდენტთან მოლაპარაკება გვქონდა, რომ ტრანსფერებში ფული არ უნდა დახარჯულიყო. მილიონები თუ გადაიხადე, გუნდს ყველა გააკეთებს, მე კი შედეგის მიღწევა, მინიმალური დანახარჯებით მსურდა. როდესაც ევროპალიგის ჯგუფში ვთამაშობდით, მაშინაც ასეთი სიტუაცია იყო, ტრანსფერებში თანხა არც მაშინ დახარჯულა.

ჩემი ამოცანა ისეთი მოთამაშეების მოძებნაა, რომლებიც დიდი გუნდების შემადგენლობაში ვერ ხვდებიან და ამის გამო უაღრესად მოტივირებულნი არიან. ასე გვყავს მეციდან წამოყვანილი ტრაორე, პანათინაიკოსიდან - კოლოუსი, მეკარე ატანასიადისი კი აეკ-იდან. ჩვენ ვერც დიდ ხელფასებს ვიხდით. მოლდოვურ კლუბებთან შედარებით, შერიფში ანაზღაურება ნორმალურია, მაგრამ რაც შეეხება ევროპას, მათ ამ კუთხით კონკურენციას ვერ ვუწევთ. ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის იდეის გამო, ხელფასის დაკლებასაც კი დათანხმდა. როდესაც მათთან მოლაპარაკებებს ვმართავდი, ვუთხარი, რომ ნაბიჯის წინ გადასადგმელად, ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა ნამდვილად ღირდა. ისინი მენდნენ და არაფერი დაუკარგავთ. დღეს ჩვენი მეკარე კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა ნომინირებული. ამ კუთხით, მისი კონკურენტები მესი და გრიზმანი არიან. გუნდი ერთი იდეის გარშემოა შეკრებილი. უდიდეს შრომასთან ერთად, გამართლების ფაქტორიც არის.

POPSPORT:  თქვენი გადმოსახედიდან, რატომ ვერ აღწევენ შერიფის მსგავს წარმატებას ქართული კლუბები?

თარხნიშვილი: ქართული საკლუბო ფეხბურთის დღევანდელობით გაოცებული ვარ. ვერ წარმომიდგენია, ასეთ ლამაზ ქვეყანაში, მის ულამაზეს დედაქალაქში ნორმალური ლეგიონერი არ ჩამოდიოდეს. მოთამაშესთან საუბრისას ყველა დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის იმასაც, სად და როგორ ქალაქში იცხოვრებს. ტირასპოლში ჩამოდიან კარგი ლეგიონერები და თბილისში იგივე როგორ არ გამოდის? ტირასპოლი ლამაზი, პატარა ქალაქია, მაგრამ თბილისს ვერ შევადარებ. წესით, უცხოელმა ფეხბურთელმა საქართველოს დედაქალაქში ოჯახი საცხოვრებლად სიამოვნებით უნდა ჩამოიყვანოს. ვერ ვხვდები, პრობლემა რაშია.

'ქართული საკლუბო ფეხბურთის დღევანდელობით გაოცებული ვარ. ტირასპოლში ჩამოდიან კარგი ლეგიონერები და თბილისში იგივე როგორ არ გამოდის?'

საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ თუ დამიჯერებთ, მეგობრებთან კონტაქტის დროსაც ვერ ვნახულობ. მუშაობას ჩემი დროის უდიდესი ნაწილი მიაქვს. იმის თქმა არ მსურს, თითქოს საქართველოში საქმეს უგულოდ ეკიდებიან, მაგრამ რაღაც რომ არ გამოდის, ესეც ფაქტია. შერიფში მწვრთნელსა და მენეჯმენტს შორის იდეალური დამოკიდებულებაა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი პრეზიდენტი მაქსიმალისტია. რეალთან გამარჯვების შემდეგ დავურეკე, მივულოცე. მადლობა გადამიხადა და შემდეგ შემახსენა, რომ სამ დღეში მოლდოვის ჩემპიონატის მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა და რა თქმა უნდა, იმ შეხვედრაშიც გამარჯვება მოითხოვა. ისე დაემთხვა, რომ ვიქტორ გუსანის (შერიფის პრეზიდენტი) მსგავსად, მეც და ჩვენი მთავარი მწვრთნელიც ასევე მაქსიმალისტები ვართ. შესაძლოა, ქართულ კლუბებს ეს თანამოაზრეობა აკლიათ. გული მტკივა. საქართველოში ყოველთვის უდიდესი ტალანტები იყვნენ. არ ეკადრება ქართულ საკლუბო ფეხბურთს იმ დონეზე ყოფნა, რომელზეც დღეს არის.

POPSPORT: მოლდოვური და ქართული ფეხბურთის შედარებისას რომელი ასპექტებია განსაკუთრებით თვალსაჩინო?

თარხნიშვილი: ინფრასტრუქტურა! ვიცი, რომ ფედერაცია ამ მიმართულებით ბევრს მუშაობს, თითქმის ყოველდღიურად ვეცნობი საქართველოში მიმდინარე საფეხბურთო მოვლენებს. გარწმუნებთ, რომ მოლდოვაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა საქართველოში არსებულს ბევრად ჩამოუვარდება, ტირასპოლი ამ თვალსაზრისით გამონაკლისია. ჩვენ ოცი მინდორი გვაქვს, სავარჯიშო კომპლექსი სრულად არის აღჭურვილი. შერიფის ინფრასტრუქტურა გაოცებას ევროპული კლუბების წარმომადგენლებშიც კი იწვევს. ამ ფაქტორმა, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებამ და რა თქმა უნდა, უდიდესმა შრომამ მიგვიყვანა წარმატებამდე.

ტირასპოლის შერიფს შახტარის და რეალის დამარცხების შემდეგ, ექვსი ქულა აქვს და D ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მოლდოვურ გუნდს შემდეგი მატჩი "სან სიროზე", ინტერის წინააღმდეგ, 19 ოქტომბერს აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები