Thumbnail
  • რონალდ კუმანის გუნდს ლიგის ორ მატჩში კარშიც კი არ დაურტყამს
  • მიუნხენელებმა დინამო კიევი გაანადგურეს, ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა
  • მანჩესტერს ისევ კრიშტიანო რონალდომ მოაგებინა, თანაც 95-ე წუთზე

ბარსელონას კოშმარი გრძელდება. რონალდ კუმანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში მეორე მატჩიც წააგო და ბურთების სხვაობაც კატასტროფული აქვს – 0:6. კატალონიელები ამჯერად ლისაბონის ბენფიკას სტუმრობდნენ და ბაიერნთან მატჩის მსგავსად 0:3 წააგეს. დარვინ ნუნიესმა დუბლი შეასრულა, ბარსამ კი ზედიზედ 4 ტაიმი ისე ჩაატარა, რომ მეტოქის კარში არ დაურტყამს და გასაკვირი არაა, რომ ჯგუფში ბოლო ადგილზეა. კუმანმა პირველივე ტაიმში შეცვალა ხერარდ პიკე, რომელიც ტრავმირებული არ ყოფილა, ესპანურ გუნდში თავად ნიდერლანდელის დღეები კი, როგორც სჩანს, დათვლილია.

ხსენებული ბაიერნი კი შეუჩერებელია. იულიან ნაგელსმანის გუნდს უკვე ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს ბურთების საოცარი სხვაობით – 45:5. მიუნხენელებმა ამჯერად დინამო კიევი გაანადგურეს (5:0), რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლის შესრულება მოახერხა და შთამბეჭდავი სვლა განაგრძო. პოლონელმა ფორვარდმა თავის გამოჩენა ბავარიელთა 14-ვე საშინაო მატჩში მოახერხა, რომელშიც წლეულს მიიღო მონაწილეობა. ამ მონაკვეთში მის ანგარიშზე 27 გოლია, 2020-21 წლების სეზონიდან გამართულ 49 მატჩში აქტივში უკვე 61 გოლი აქვს. ამასთან, პოლონელს ტურნირზე მიჯრით 18 მატჩი აქვს მოგებული.

რობერტ ლევანდოვსკიმ 2-ჯერ გაიტანა

ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებად ტურინული მატჩი მიიჩნეოდა, რომელშიც იუვენტუსმა ლონდონის ჩელსის 1:0 სძლია. იუვემ პირველ ტაიმში მეტოქის კარში ვერცერთხელ მოარტყა, სამაგიეროდ, მე-2 ნახევარი მხოლოდ 10 წამის დაწყებული გახლდათ, როდესაც თავი ფედერიკო კიეზამ გამოიჩინა. ეს ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში, მე-2 ტაიმში გატანილი ყველაზე სწრაფი გოლია. საინტერესოა ისიც, რომ ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხ მატჩში პირველი გოლი გაუშვა. თომას ტუხელის შეგირდებმა კარი მშრალად შეინახეს სანკტ-პეტერბურგის ზენიტთან შეხვედრაში და გასული სეზონის ნახევარფინალსა და ფინალში, შესაბამისად, რეალთანა და მანჩესტერ სიტისთან. თავის მხრივ, იუვენტუსს ჯგუფში გოლი ჯერაც არ გაუშვია.

მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნების შემდეგ, 5 მატჩში 5 გოლი მოუგროვდა კრიშტიანო რონალდოს. 36 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ამჯერად თავი ესპანურ ვილიარეალთან მატჩში გამოიჩინა და თანაც, 95-ე წუთზე, როდესაც თამაში თითქოს ფრედ (1:1) უნდა დასრულებულიყო. რონალდომ ლიგაში 178-ე მატჩი ჩაატარა და მადრიდის რეალის ექს-გოლკიპერ იკერ კასილასის რეკორდი გააუმჯობესა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა აღნიშნული შედეგი მანჩესტერის გარდა, იმავე რეალსა და ტურინის იუვენტუსში თამაშის წყალობით დააფიქსირა. კრიშტიანოს ჩემპიონთა ლიგაში უკვე 136 გოლი აქვს გატანილი და ერთპიროვნული ლიდერია, მეორეზე მესია (121), მესამეზე კი – ხსენებული ლევანდოვსკი (77).

კრიშტიანო რონალდომ გადამწყვეტი ბურთი 95-ე წუთზე შეაგდო

აუცილებლად უნდა ვთქვათ კარიმ ადეიემიზეც, რომლის დუბლის წყალობითაც ზალცბურგმა ფრანგულ ლილს 2:1 სძლია. ავსტრიული გუნდის შემტევმა აღნიშნული 19 წლისა და 254 დღის ასაკში მოახერხა, რაც ჩემპიონთა ლიგაში გერმანელი ფეხბურთელებისთვის სარეკორდო შედეგია. აქამდე, ამ მხრივ ბაიერნის ფორვარდი ტომას მიულერი ლიდერობდა, რომელმაც ტურნირზე თავისი პირველი დუბლი 20 წლისა და 2 დღის ასაკში შეასრულა.

ატალანტამ შვეიცარიულ იანგ ბოისს მატეო პესინას გოლით სძლია. აღსანიშნავია, რომ ის პირველი იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც ბერგამოელთა მაისურით ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა. არადა, დღევანდლამდე, ატალანტას ტურნირზე აქტივში 30 გოლი ჰქონდა. 

E ჯგუფი

ბაიერნი 5:0 დინამო კიევი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12 პენ.), 2:0 ლევანდოვსკი (27), 3:0 გნაბრი (68), 4:0 სანე (74), 5:0 ჩუპო-მოტინგი (87).

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – დევისი (69. პავარი), ერნანდესი, უპამეკანო, ზულე – გორეცკა (79. საბიტცერი), კიმიხი – სანე (79. სარი), მიულერი, გნაბრი (69. მუსიალა) – ლევანდოვსკი (79. ჩუპო-მოტინგი).

ბენფიკა 3:0 ბარსელონა

გოლები: 1:0 ნუნიესი (3), 2:0 სილვა (69), 3:0 ნუნიესი (79 პენ.).

გაძევება: გარსია (87).

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, გარსია, პიკე (33. გავი), არაუხო – რობერტო (89. მინგეზა), დე იონგი, ბუსკეტსი (68. ნიკო), პედრი (68. კოუტინიო), დესტი – დეპაი, დე იონგი (68. ფატი). 

F ჯგუფი

ატალანტა 1:0 იანგ ბოისი

გოლი: 1:0 პესინა (68).

მანჩესტერი 2:1 ვილიარეალი

გოლები: 0:1 ალკასერი (53), 1:1 ტელესი (60), 2:1 რონალდო (95).

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა – ტელესი (89. ტელესი), ლინდელოფი, ვარანი, დალო – მაკტომინეი, პოგბა (75. კავანი) – სანჩო (75. მატიჩი), ფერნანდესი, გრინვუდი (89. ლინგარდი) – რონალდო.

G ჯგუფი

ზალცბურგი 2:1 ლილი

გოლი: 1:0 ადეიემი (31 პენ.), 2:0 ადეიემი (53 პენ.), 2:1 ილმაზი (62).

ვოლფსბურგი 1:1 სევილია

გოლი: 1:0 შტეფენი (49), 1:1 რაკიტიჩი (86).

გაძევება: გუილავოგი (86, ვოლფსბურგი).

H ჯგუფი

ზენიტი 4:0 მალმიო

გოლები: 1:0 კლაუდინიო (9), 2:0 კუზიაევი (49), 3:0 სუტორმინი (80), 4:0 ვენდელი (90+4).

გაძევება: აჰმედჰოჯიჩი (53, მალმიო).

იუვენტუსი 1:0 ჩელსი

გოლები: კიეზა (46).

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი – ალექს სანდრო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო – რაბიო (77. მაკკენი), ლოკატელი, ბენტანკური (83. კიელინი), კუადრადო – ბერნარდესკი (65. კულუშევსკი), კიეზა (77. კინი).

ჩელსი (3-4-2-1): მენდი – კრისტენსენი (75. ბარკლი), სილვა, რუდიგერი – ასპილიკუეტა (62. ლოფტუს-ჩიკი), კოვაჩიჩი, ჟორჟინიო (62. ჩალობა), ალონსო (46. ჩილველი) – ჰავერტცი, ზიეჩი (62. ჰადსონ-ოდოი) – ლუკაკუ.

კომენტარები

ბოლო ამბები