Thumbnail

დინამო ბათუმის ფრე გორში - ჩემპიონატის მესამე წრე დასრულდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონატში მე-3 წრე დასრულდა და ბოლო, მე-4 წრის წინ დინამო ბათუმი დინამო თბილისს ისევ 5 ქულით უსწრებს. 27-ე ტურში ვერცერთმა მოიგო. დინამო ბათუმი გორში, დილას დაუზავდა (2:2), დინამო თბილისმა კი ამავე ანგარიშით თბილისის ლოკომოტივთან ითამაშა. 

დილას და დინამო ბათუმის მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. 23-ე წუთზე ბათუმელთა დაცვის ხაზი ჩავარდა და უსმანე კამარა მეკარესთან პირისპირ დარჩა, რის შედეგადაც ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ბათუმელებს ანგარიშის გასათანაბრებლად ზუსტად 10 წუთი დასჭირდათ: ფლანგიდან სანდრო ალთუნაშვილის გადაცემის შემდეგ, ჯაბა ჯიღაურმა ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

მე-2 ტაიმში დინამო ბათუმი უფრო აქტიური იყო და 61-ე წუთზე ჯიღაურს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. ზღვისპირელებმა წინ გასვლა მაინც მოახერხეს: 73-ე წუთზე ვანდერსონმა საჯარიმოში ფლამარიონ ჯოვინო წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა - 1:2. 

მიუხედავად ამისა, გორელებმა მალევე გაათანაბრეს. 76-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ პაატა ღუდუშუარის პასით თავური დარტყმით მოახერხა ლაზარე კუპატაძის კარში გოლის გატანა. დარჩენილ დროში რეალური საგოლე მომენტები აღარ შექმნილა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

დინამო ბათუმს 57 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო გორის დილა 44 ქულით მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში გია გეგუჩაძის გუნდი 3 ოქტომბერს, ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს, ხოლო დილა იმავე დღეს ქობულეთის შუქურას სტუმრად დაუპირისპირდება.

საქართველოს ჩემპიონატის 27-ე ტურში კიდევ ოთხი თამაში გაიმართა და აქედან სამი ფრედ დასრულდა. ყველაზე საინტერესო ლოკომოტივისა და დინამო თბილისის მატჩი იყო, რომელშიც გუნდებმა ორ-ორი გოლი გაიტანეს. ანგარიში დინამომ გახსნა, შემდეგ წინ ლოკომოტივი გავიდა, ხოლო ოსეი ბარნსის გოლით კახა ცხადაძის გუნდმა ქულა გადაარჩინა. შუქურა-თელავის თამაში ფრედ 1:1 დასრულდა, სამგურალისა და ტორპედოს იმერული დერბი უგოლოდ ჩაიარა, თბილისის საბურთალომ კი სამტრედიას გასვლაზე 2:0 მოუგო.

დილა 2:2 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 კამარა (23), 1:1 ჯიღაური (33), 1:2 მამუჩაშვილი (73. პენ), 2:2 გაგნიძე (76)

დილა (4-3-3): გუგეშაშვილი - ნემსაძე (65. ბიძინაშვილი), ჭიჭინაძე, ნონდი, ვანდერსონი - გაგნიძე, მოსიაშვილი, სანტოსი - ღუდუშაური, მადინგა (61. კაპანაძე), კამარა

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, ალთუნაშვილი (81. ნავალოვსკი) - მამუჩაშვილი, ჯიღაური (89. გროცურეკი), ჯოვინო (89. ნიქაბაძე) - ფანცულაია (81. გაფრინდაშვილი)

კომენტარები

ბოლო ამბები