Thumbnail
  • 'შინ უკვე ვეთამაშეთ და ბევრი ბრობლემა შეგვიქმნეს, ამიტომაც, კარგად უნდა მოვემზადოთ'
  • ჯონ ვან ტ’ სხიპის გუნდი საქართველოსთან და შვედეთთან მატჩებისთვის ემზადება

საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’ სხიპმა შემადგენლობა დაასახელა ოქტომბერში დაგეგმილი 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი მატჩებისთვის, როდესაც ელადელთა ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ეროვნული გუნდი იქნება.

ნიდერლანდელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, ნაკრებში ბრუნდებიან კოსტას სტაფილიდისი, დიმიტრის პელკასი და გიორგიოს მასურასი. სამაგიეროდ, ამჯერად ვერ მიიღეს გამოძახება კოსტას გალანოპულოსმა, ტაკსიარხის ფუნტასმა, პანაიოტის რეტსოსმა და იანის პაპანიკოლაუმ.

Η αποστολή για Γεωργία, Σουηδία🇬🇷💪Ο @johnvantschip ανακοίνωσε τα ονόματα των ποδοσφαιριστών για τους αγώνες με την...

Posted by ΕΛΛΑΣ ΕΘΝΙΚΗ ΟΜΑΔΑ (GREECE NATIONAL TEAM) on Wednesday, September 29, 2021


ბერძენი ფეხბურთელები შეკრებაზე 4 ოქტომბერს შევლენ, 8 ოქტომბერს კი გეზს ბათუმისკენ აიღებენ, სადაც მე-2 დღეს საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება ელით. ვილი სანიოლის (მას შემადგენლობა ჯერაც არ დაუსახელებია) გუნდთან მატჩის მერე, ბერძნები უკვე სტოკჰოლმში გაემგზავრებიან და 12-ში შვედებთან მატჩი ელით. როგორც ვან ‘ტ სხიპმა აღნიშნა, მისი გუნდის მიზანი მომავალ ორ მატჩში 6 ქულის აღებაა:

“რამდენიმე დღეში ორი საგარეო მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ და სწორი პრიორიტეტების დასახვაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში, საქართველოსთან თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. მათ შინ უკვე ვეთამაშეთ და ბევრი ბრობლემა შეგვიქმნეს. ამიტომაც, ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. საქართველოსთან და შვედეთთან მატჩებში ის გუნდი მინდა ვიხილოთ, რომელმაც იმავე შვედეთთან პირველი შეხვედრის მოგება მოახერხა. ამ შემთხვევაში, ჩვენი შანსის გამოყენებას მოვახერხებთ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველად 31 მარტს ითამაშეს. სალონიკში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა. მასპინძლები 76-ე წუთზე ოთარ კაკაბაძის ავტოგოლით დაწინაურდნენ, ორ წუთში კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაათანაბრა.

ამ დროისთვის, საკვალიფიკაციო B ჯგუფს 13 ქულით ესპანეთი ლიდერობს, შემდეგ კი შვედეთი (9), საბერძნეთი (6), კოსოვო (4) და საქართველო (1) მოდიან. სანიოლის გუნდი ბათუმური თამაშის შემდეგ, კოსოვოსკენ აიღებს გეზს, სადაც 12 ოქტომბერს კიდევ ერთი შესარჩევი მატჩი ელის.

საბერძნეთის ნაკრები საქართველოსთან

მეკარეები: ოდისეას ვლახოდიმოსი (ბენფიკა, პორტუგალია), ალეკსანდროს პაშალაკისი (პაოკ), სოკრატის დიუდისი (პანათინაკოსი).

მცველები: მანოლას სალიაკისი (იანინა), პანტელის ხაძიდიაკოსი (ალკმაარი), კირიაკოს პაპადოპულოსი (ატრომიტოსი), კონსტანტინოს მავროპანოსი (შტუტგარტი, გერმანია), გეორგიოს ცაველასი (აეკ), კოსტას სტაფილიდისი (ბოხუმი, გერმანია), დიმიტრის იანულისი (ნორვიჩი, ინგლისი), კოსტას ციმიკასი (ლივერპული, ინგლისი), ლეონარდო კუტრისი (ფორტუნა, გერმანია).

ნახევარმცველები: ტანასის ანდროუსისი (ოლიმპიაკოსი), კარლოს ზეკა (კოპენჰაგენი, დანია), დიმიტრის პელკასი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), გიორგოს მასურასი (ოლიმპიაკოსი), ანასტასიოს ბაკასეტასი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), სოტირის ალექსანდროპულოსი (პანათინაიკოსი), ანდრეას ბუხალაკისი (ოლიმპიაკოსი), მანოლის სიოპისი (ტრაბზონსპორი), მარიოს ვრუსაი (ვილემ II, ნიდერლანდები), დიმიტრის ლიმნიოსი (ტვენტე, ნიდერლანდები), ხრისტოს ცოლისი (ნორვიჩი, ინგლისი), პეტროს მანტალოსი (აეკ).

ფორვარდები: ვანგელის პავლიდისი (ალკმაარი, ნიდერლანდები), ანასტასიოს დუვიკასი (უტრეხტი, ნიდერლანდები).

კომენტარები

ბოლო ამბები