Thumbnail
  • ნიკოლა ანელკამ პარი სენ-ჟერმენში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა
  • ექს-ფორვარდს ლიონელ მესის მისამართით ერთი მოთხოვნა აქვს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ პარი სენ-ჟერმენში შექმნილ უსიამოვნო ვითარებაზე ისაუბრა და პარიზული გრანდი გააკრიტიკა. 42 წლის ანელკას ძალიან არ მოსწონს ის, თუ როგორ ეპყრობიან პსჟ-ში კილიან მბაპეს, რომელთანაც ფრანგული ფეხბურთის აწმყო და მომავალი ასოცირდება.

ლიგა 1-ის ბოლო ტურში, მონპელიესთან მატჩის 88-ე წუთზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მბაპე შეცვალა, რომელიც სათადარიგო სკამზე გაბრაზებული იჯდა. ტელეკომპანია Canal Plus-ის კამერებმა დააფიქსირეს მბაპეს სიტყვები, რომელიც მან სათადარიგო სკამზე წარმოთქვა. "ეს მათხოვარი პასს არასდროს მაძლევს", - უთხრა ფრანგმა შემტევმა ნეიმარზე იდრისა განა გეიეს. კილიანი ბრაზილიელ თანაგუნდელზე ძალიან ნაწყენი იყო და ემოცია არ დაუმალავს. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რაოდენ უკმაყოფილოა მბაპე პარიზულ გრანდში.

“პარი სენ-ჟერმენში სწორედ კილიან მბაპე უნდა იყოს თავდასხმის ლიდერი, რადგან ის გუნდში პირველია, - აცხადებს ანელკა, - მესი ბარსელონაში იყო პირველი, ახლა კი მბაპეს უნდა ემსახუროს. კილიანი წლებია, პსჟ-ში თამაშობს და მესიმ მას პატივი უნდა სცეს. ბოლო სამი წელი მბაპეს ევროპის სხვა ტოპ-ლიგაში რომ ეთამაშა, მაგალითად ინგლისში, ან ესპანეთში, ახლა უკვე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ექნებოდა მიღებული.”

ანელკამ პარიზული გრანდი და მისი მწვრთნელი მეკარეების საკითხის გამოც გააკრიტიკა. მისი აზრით, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, რა როლი აქვს გუნდში ახალწვეულ ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც ევროპის ჩემპიონია.

ნიკოლა ანელკა პარიზულ გრანდს აკრიტიკებს

“პსჟ-მ დონარუმა იმის გამო გადაიბირა, რომ მისი წაყვანა შესაძლებელი იყო. თუმცა იტალიელის მდგომარეობა გარკვეული უნდა იყოს. მაგალითად, თუ ასეა, უნდა უთხრან, რომ წელს ნავასია პირველი კიპერი, დონარუმა კი მომავლისთვის მოიყვანეს. სხვა მხრივ, ჯანსაღი კონკურენცია არ გამოვა. ყველამ ცხადად უნდა იცოდეს, ვინ არის პირველი.”

პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონატს 8 ტურში 8 მოგებით ლიდერობს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბრიუგესთან ფრემ, მესის შეცვლასთან დაკავშირებულმა ამბავმა და მბაპეს ნათქვამმა ნეიმარის შესახებ, დიდი დისკუსიები გამოიწვია.

კომენტარები

ბოლო ამბები