Thumbnail

კატასტროფა ქართული მკლავჭიდისთვის - დისკვალიფიკაცია და ფულადი სასჯელი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოერთვა, სოლიდური ფინანსური ჯარიმა ელის, ქართველ მკლავჭიდელებს კი ყველა საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლის უფლება ჩამოერთვათ. ეს გადაწყვეტილება მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ (WAF) მიიღო.

აღნიშნულის მიზეზი ქართული მხარის მხირდან მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარის თქმაა. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

“საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას უფლება ჩამოერთვა მონაწილეობა მიიღოს WAF-ის ნებისმიერ მსხვილ შეჯიბრებაში (ევროპის თუ მსოფლიოს მასშტაბით) ანაც ორგანიზაციის წევრების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში. აღმასრულებელმა კომიტეტმა ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მსოფლიო კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო მიიღო. მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე უარის თქმა, WAF-ის ხელმძღვანელობისა და მისი წევრების შეცდომაში შეყვანა – ამ ყველაფერმა ორგანიზაციას უდიდესი ფინანსური და საიმიჯო ზარალი მიაყენა. დისკვალიფიკაციის პერიოდში ქართველი სპორტსმენები WAF-ს ჩემპიონატებზე რეგისტრაციასაც ვერ გაივლიან”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმს მსოფლიოს პირველობისთვის ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე უნდა ემასპინძლა. კოვიდ-პანდემიის გამო, ტურნირი წლეულს 17-26 სექტემბრისთვის გადაიდო, თუმცა, ქვეყანამ ეს ვალდებულება მაინც ვერ შეასრულა.

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ სასწრაფო წესით ახალი მასპინძლის მოძიება დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, ტურნირს 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები