Thumbnail
  • აპოელ 1:0 პაეეკ | თორნიკე ოქრიაშვილმა და ბუბა დაუშვილმა ითამაშეს
  • ოქრიაშვილმა ჯერ პენალტი მოიპოვა, შემდეგ კი წითელი ბარათი მიიღო

კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში აპოელ-მა პაეეკ-ს უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ თორნიკე ოქრიაშვილისთვის ეს მატჩი უიღბლო გამოდგა, რადგან გააძევეს.

ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, 64-ე და 77-ე წუთებზე კი მსაჯმა ყვითელი ბარათები უჩვენა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. თორნიკემ მეორე გაფრთხილება მეტოქისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმისთვის მიიღო და გააძევეს.

აპოელ-მა ამის შემდეგ მოახერხა ერთადერთი გოლის გატანა, რომელიც ბრაზილიელი ნახევარმცველის, ლუკას სოუზას ანგარიშზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიქოზიელებს მე-6 წუთიდან ჰქონდათ რიცხობრივი უპირატესობა, რადგან სტუმრებს ფეხბურთელი გაუძევეს, ხოლო 33-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტიც ვერ გაიტანეს, რომელიც სხვათა შორის ოქრიაშვილმა მოიპოვა. ხორვატმა თავდამსხმელმა ანტონ მიგლიცამ 11-მეტრიანი ნიშნულიდან ბურთი კარს ააცილა.

ქართველი ნახევარმცველი საკმაოდ აქტიურიც იყო და გოლის გატანაც შეეძლო.

თორნიკე აქტიური იყო, მაგრამ მოედანი ნაადრევად დატოვა

ოქრიაშვილის გარდა, ბუბა დაუშვილმაც ითამაშა, რომელიც მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იყო.

აპოელ-მა სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო, ოთხ ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს მოპოვებული, ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 3 ოქტომბერს, თემურ ქეცბაიას ანორთოსისთან სტუმრად გამართავს. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ოქრიაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები